22 წლის გოგონას, რომელიც ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოვიდა და ვირუსული ინფექციის ნიშნები გამოუვლინდა, კორონავირუსი არ აქვს – ამის შესახებ „პუბლიკას“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, გოგონა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან იმ დროს დაბრუნდა, როდესაც უხანის გარდა, ჩინეთის არც ერთ სხვა ქალაქსა და პროვინციაში კორონავირუსი დაფიქსირებული არ ყოფილა.
„დაინფიცირების ალბათობა იქ არ იყო. ჩვეულებრივი გრიპოზული ინფექცია იყო სახლში გავრცელებული და არის რესპირატორული ინფექცია“, – განუცხადა გამყრელიძემ „პუბლიკას“.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლის, პაატა იმნაძის თქმით, გოგონას ვირუსული ინფექცია ოჯახის წევრებისგან გადაედო. ამასთან, კონკრეტულად რა ტიპის ვირუსი აქვს მას, ამ ეტაპზე უცნობია და მიმდინარეობს დაკვირვება. პაციენტი სახლში მკურნალობს და მისი მდგომარეობა არ არის მძიმე.