ჩინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც ჰონგ-კონგის ავტონომიის შეზღუდვას შეძლებს

პუბლიკა

ჩინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტს ჰონგ-კონგისთვის, რასაც თავად ჰონგ-კონგში მოქალაქეები აპროტესტებენ. ეს გადაწყვეტილება დიდი ალბათობით ჰონგ-კონგისთვის უნიკალური სტატუსის წართმევას გამოიწვევს და მსოფლიო ფინანსური ცენტრის როლს დააკარგვინებს.

ჩინეთის განცხaდებით, კანონპროექტის მიზანია, შეაჩეროს ჰონგ-კონგის ჩინეთიდან გამოყოფა, ჩინეთის ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრა, ტერორიზმის საფრთხე და უცხო ქვეყნების ჩარევა. ჩინეთის ხელისუფლება ჰონგ-კონგში თავისი უსაფრთხოების სააგენტოების დაარსებას შეძლებს. ჩინეთის კანონპროექტს, რომელიც ჰონგ-კონგში პეკინის გავლენას გააფართოებს, თვეების განმავლობაში აპროტესტებდნენ ჰონგ-კონგში. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის არაერთხელ მოხდა მწვავე დაპირისპირება.

ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტს მწვავედ აკრიტიკებს აშშ. დღეს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ჰონგ-კონგმა დღეს თავისი ავტონომიურობა და მასთან ერთად აშს-ის კანონმდებლობაში განსაკუთრებული სტატუსი დაკარგა.

„აღარავის შეუძლია თქვას, რომ დღედან ჰონგ-კონგი ჩინეთისგან მაღალი ავტონომიურობით სარგებლობს. ბოლო დროს განვითარებულმა პროცესებმა ფუნდამენტურად დაარღვია მისი ავტონომია და ჰონგ-კონგელთა თავისუფლება“, – განაცხადა პომპეომ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჰონგ-კონგის საკითხი გაეროს ეგიდით გამართულ შეხვედრაზეც დასვა, რასაც, როგორც The Reuters წერს, აშშ-სა და ჩინეთის წარმომადგენლებს შორის კამათი მოჰყვა.