ჩინეთის საელჩო დანიგანზე: ვწუხვართ, რომ განცხადების გაკეთების დროს არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი

პუბლიკა

საქართველოში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელი ეხმაურება აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და მას „ფაქტებთან შეუსაბამოს” უწოდებს.

დანიგანმა აღნიშნა, რომ „CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა და ის ცნობილია, რომ დაკავშირებულია ჩინეთის არმიასთან”.

„გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის აბსურდული და ფაქტებთან შეუსაბამო. ჩინეთის მხარე მკაცრად გმობს მსგავს განცხადებებს.

ჩინეთის მხარე ხაზს უსვამს, რომ ზემოაღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ჩამოყალიბებულ სან ფრანცისკოს ხედვას.

ჩინური მხარე ასევე სინანულს გამოხატავს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთების დროს არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი”.

„რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს?” – განაცხადა შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ანაკლიის პორტში ჩინური კონსორციუმის შესვლის შესახებ საუბრისას.