CNN-ის ცნობით, ჩინეთის სასამართლომ კაცს ყოფილი ცოლისთვის საშინაო შრომის ასანაზღაურებლად 7 700 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. წყვილი ქორწინებაში 5 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. განქორწინების ამ პრეცედენტული საქმით ჩინეთში აუნაზღაურებელი საშინაო შრომის ღირებულება დისკუსიის საგნად იქცა.
დიასახლისი ვანგი საშინაო შრომის ანაზღაურებისთვის 24 700 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას მოითხოვდა მას შემდეგ, რაც ქმარმა განქორწინების მოთხოვნით ოქტომბერში სასამართლოს მიმართა. ყოფილი ცოლი აცხადებს, რომ მას მარტოს უწევდა ბავშვის მოვლა და სახლის საქმეები მაშინ, როცა ქმარს „არც კი ადარდებდა, რაიმე სახის საშინაო საქმეში ჩართულიყო“, – იუწყება ჩინეთის სახელმწიფო რადიო CNR.
სახელმწიფო რადიოს ცნობით, სასამართლომ ყოფილ ცოლს ასევე მიაკუთვნა ქონების ნახევარი, შვილზე მეურვეობა და 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ალიმენტის მიღება. ეს პირველი გადაწყვეტილებაა, რომელიც ჩინეთის სასამართლომ ახალი სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მიიღო.
ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ზე მოქალაქეების ნაწილი სასამართლოს გადაწყვეტილებას იწონებს, ნაწილი კი აღნიშნავს, რომ 5-წლიანი საშინაო შრომისთვის დაკისრებული კომპენსაცია ძალიან მცირეა.
CNN-ის ცნობით, ჩინეთში ფემინისტური მოძრაობების გაძლიერებასთან ერთად ბოლო წლებში გახშირდა საჯარო დებატები საშინაო შრომის არათანაბარ გადანაწილებაზე. ქალების განათლების მაჩვენებლისა და ეკონომიკური სტატუსის ზრდის მიუხედავად, პატრიარქალური ტრადიციები კვლავ უცვლელია და ძირითადად მაინც ქალებს უწევთ, საშინაო შრომა და ბავშვის მოვლა თავიანთ თავზე აიღონ.