ჩინეთმა მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის აგრესიას ეხება

პუბლიკა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „გაეროსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ“. რეზოლუციის მხარდამჭერ 122 ხმას შორის ერთ-ერთი ჩინეთს ეკუთვნის. რეზოლუციას ასევე მხარი დაუჭირა „რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილმა“ ქვეყნებმა, კერძოდ, ყაზახეთმა, სომხეთმა, ინდოეთმა და ბრაზილიამ.

დოკუმენტი ეხება საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შემდეგ ევროპის წინაშე არსებულ უპრეცედენტო გამოწვევებს. რეზოლუციაში მოთხოვნილია მოსკოვის აგრესიის მსხვერპლთა ზიანის „კომპენსირება“.

ამავდროულად, რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსახურის ცნობით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არ არის რეზოლუციის მთავარი საგანი, ამიტომ გაურკვეველია, ნიშნავს თუ არა ჩინეთის ხმა პეკინის პოზიციის ცვლილებას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით.

26 აპრილს პირველი სატელეფონო კომუნიკაცია შედგა ოფიციალურ კიევსა და პეკინს შორის მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი უკრაინასა და სხვა ქვეყნებში გაგზავნის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელს ევრაზიის საკითხებში, „რათა აწარმოოს სიღრმისეული კომუნიკაცია ყველა მხარესთან უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ შეთანხმებაზე“. ჩინეთის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, პრეზიდენტმა ეს გნაცხადება ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო კომუნიკაციისას გააკეთა.