საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე უპასუხა შეკითხვას, „ხომ არ შეზღუდავს ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ის, რასაც ჩინეთი აკეთებს თუნდაც ადამიანის უფლებების კუთხით“.
ღარიბაშვილის თქმით, არსებულ „კრიზისთან“ ჩინეთს „ბრძნული“ მიდგომა აქვს.
„ჩინეთთან ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს, ვზრდით ვაჭრობას და ეკონომიკურ ურთიერთობებს. ჩინეთი რასაც აკეთებს ამ კრიზისის დროს, მგონი, ძალიან ბრძნული მიდგომა აქვს. რადგან მედიაციას ცდილობს რუსეთსა და უკრაინას შორის. მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას, ნებისმიერი ქვეყნიდან, რომელიც მშვიდობისკენ, მოლაპარაკებებისკენ უბიძგებს ქვეყნებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეკითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს ჩინეთის ინიციატივას, პრემიერ-მინისტრმა ასე უპასუხა:
„მე, ზოგადად, ვამბობ, მშვიდობის ადამიანი ვარ. სტაბილურობისა და მოლაპარაკებების მჯერა“.
2023 წლის 26 აპრილს პირველი სატელეფონო კომუნიკაცია შედგა ოფიციალურ კიევსა და პეკინს შორის მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი უკრაინასა და სხვა ქვეყნებში გაგზავნის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელს ევრაზიის საკითხებში, „რათა აწარმოოს სიღრმისეული კომუნიკაცია ყველა მხარესთან უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ შეთანხმებაზე“. ჩინეთის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, პრეზიდენტმა ეს გნაცხადება ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო კომუნიკაციისას გააკეთა.