ჩინურ-სინგაპურული და შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანიები - უცნობია ვინ გადავიდა ანაკლიის პროექტის II ეტაპზე

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე, „წინადადებების წარმოდგენის ეტაპზე” შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი გადავიდნენ.

ამით დავითაშვილმა პარლამენტში რომან გოცირიძის შეკითხვას უპასუხა, რომელსაც აინტერესებდა, თუ რომელი ქვეყნის კომპანიები გადავიდნენ კონკურსის შემდეგ ეტაპზე. დავითაშვილმა ქვეყნები დააზუსტა, თუმცა არ თქვა კომპანიის სახელები.

„საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც მნიშვნელოვანია სწორი შედეგის მიღებისთვის, დააკმაყოფილა ორმა ჯგუფმა, ეს არის არის შვეიცარული-ლუქსემბურგული კომპანია, რომელიც გადავიდა მეორე ეტაპზე და მეორე არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციურმი – ეს არის მსოფლიოში აღიარებული კომპანიათა ჯგუფი…

გვეყოლება ორი პრეტედენტი, შემდეგი თვეების განმავლობაში გვექნება მოლაპარაკებები, მივიღებთ მათი მხრიდან წინადადებებს, ამ წინადადებების კონკურენტუნარიანობაზე, ამ წინადადებების ხარისხზეა დამოკიდებული, თუ ვინ იქნება ჩვენი კერძო პარტნიორი… ამ ეტაპზე საჯაროდ ვერ განვაცხადებთ [კომპანიის სახელებს] კონკურსის დასრულებამდე, ეს დააზიანებს კონკურსს. როდესაც ხდება ტენდერი, კონკურსი, ინფორმაცია, როგორც წესი, არის კონფიდენციალური”, – თქვა დავითაშვილმა.

დავითაშვილის თქმით, კომპანიების სახელების თქმით ის დაარღვევდა კონკურსის პირობებს და კონფიდენციალობის შეთანხმებას. როგორც აღნიშნა, მომდევნო ეტაპზე გადასულია „მსოფლიოში წამყავნი კონკურსანტები”, კონკურსის შედეგებს კი, მისივე თქმით, იხილავს საზოგადოება.