ჩინური ვაქცინით 40 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი და მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის | ტიკარაძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, თამარ გაბუნია, ამირან გამყრელიძე და ჩინეთის ელჩი საქართველოში, ლი იენი ბრიფინგს მართავენ. შაბათს საქართველომ „სინოფარმის“  100 000 დოზა ვაქცინა მიიღო.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, „სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესი  ჯანმოს ავტორიზაციის მიიღების შემდეგ დაიწყება. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა.

„როგორც იცით, 100 ათასი სინოფარმის დოზა ჩამოვიდა საქართველოში.  დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უნგრეთის სახელმწიფოს, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის „სინოფარმი“ აღიარებული და ამის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „სინოფარმი“ შეიძლებოდა დაშვებული ყოფილიყო საქართველოს ბაზაზე.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი სინოფარმის ვაქცინით. შესაბამისად, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან ის ელოდება ავტორიზაციას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ინტენსიური მიმოწერა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რის შედეგადაც საბჭოსთან მსჯელობის შემდეგ გადაწყდება, როდის იქნება ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია საქართველოში შესაძლებელი.“ – განაცხადა ეკა ტიკარაძემ.

საქართველოში ამ ეტაპზე ვაქცინაცია ორი ვაქცინით მიმდინარეობს. ესენია „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“.