ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა რუსეთ-საქართველოს ნაკრებების მატჩზე უკრაინის მხარდამჭერ აქციებს პროვოკაცია უწოდა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა და მისი სხვადასხვა დანაყოფი, ვითომდა უკრაინის მხარდაჭერის მოტივით, მძიმე პროვოკაციებს გეგმავენ, რაც საქართველოში მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული ფსევდოპატრიოტული რუსული სცენარის ნაწილია.“
მისი თქმით, ვრცელდება ინფორმაცია მძიმე პროვოკაციების შესახებ, რასაც შესაძლოა, საქართველოს ეროვნული ნაკრების სანქცირება მოჰყვეს.
„ვრცელდება ინფორმაცია იმ მძიმე პროვოკაციების შესახებ, რომელიც რაგბის ეროვნული ნაკრების რუსეთის ნაკრებთან შეხვედრას უკავშირდება და რომლის ყველაზე მსუბუქი ნეგატიური შედეგი შესაძლოა ჩვენი ნაკრების სანქცირება იყოს. გარდა ამისა, ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ბოლო დღეების რიტორიკა სხვა არაფერია თუ არა რუსული თამაში. მათი ყველა ნაბიჯი საქართველოში მშვიდობის საწინააღმდეგოდ არის მიმართული.“ – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
ბორჯღალოსნები რუსეთს კვირას, 18:00 სთ-ზე დინამოზე შეერკინებიან. თავდაპირველად მატჩზე დროშებით მისვლასთან დაკავშირებით Facebook-ღონისძიება გააკეთა მოქალაქე ნიკა ანასაშვილმა. გუშინ ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ საქართველო-რუსეთის მატჩზე ევროპელები და მათი მხარდამჭერები რუსეთის ჰიმნს უკრაინის დროშებით უპასუხებენ. მოწოდება გაავრცელა მოძრაობა „სირცხვილიამაც“ და ქომაგებს „უკრაინის დროშებით სტადიონის გავსებისკენ“ მოუწოდებენ.