იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, თუ 2024-ის დასაწყისს გასული წლის (2023) ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა ნაკლებია.
თუმცა, ივანე ჩხაიძისვე თქმით, დეკემბრის ბოლო კვირაში გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები იყო 28%, იანვრის პირველ კვირაში კი – 52%-ია.
ვირუსის პრევენციისთვის ექიმის რეკომენდაცია არის პირბადის ტარება, ბევრი სითხის მიღება, საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს ხშირი განიავება. ტემპერატურის, ცხელების დროს ის საზოგადოებას ურჩევს, ექიმს დროულად მიმართონ.
„თუ გადავხედავთ 2024 წლის პირველი კვირის მონაცემებს, ნათლად ჩანს, რომ გრიპის ვირუსის ხვედრითი წილი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში მკვეთრადაა გაზრდილი. თუ 2023 წლის 49-ე კვირას ეს მაჩვენებელი 16% იყო, 52-ე კვირას 28% გახდა, მიმდინარე წლის პირველ კვირას კი – 52%-ს შეადგენდა. შესაბამისად, ნათლად ჩანს, რომ გრიპის შემთხვევების რაოდენობა ახლა, გრიპის სეზონის დასაწყისიდან დღემდე, მაქსიმალური ინტენსივობით გამოირჩევა.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მაჩვენებელში – 52%-ში 46% H1 ტიპის ვირუსია, 6% კი, H3. ასე რომ, დომინანტურია გრიპის ვირუსი, რაც შესაბამისად, მომართვიანობის გაზრდაზე აისახა. გრიპით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა, ყოველ შემთხვევაში, პედიატრიულ კლინიკებში, მკვეთრად არის გაზრდილი წინა კვირებთან შედარებით, თუმცა თუ შევადარებთ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს, პირიქით, წლევანდელი წელი ნაკლებად გამოირჩევა გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევების რაოდენობით”, – განაცხადა ჩხაიძემ.
ივანე ჩხაიძის თქმით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის იდეალური პერიოდი ოქტომბერ-ნოემბერია. თუმცა, ვინც დაიგვიანა და ახლა აქვს გადაწყვეტილი ვაქცინის გაკეთება, ჩხაიძე აძლევს რჩევას, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ 10 დღის განმავლობაში სხვებთან ნაკლები კონტაქტი ჰქონდეთ, იყვნენ იზოლირებული და ატარონ პირბადე.
მისი თქმით, რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ 5 წლამდე ასაკის ბავშვები, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და ასევე, სამედიცინო პერსონალი და ა.შ.