კლინიკა „ვივამედის“ სამედიცინო დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაწერისას დამაკმაყოფილებელი იყო.
გუშინ, 27 თებერვალს, მზია ამაღლობელი, თავისი სურვილით, კლინიკა „ვივამედიდან“ ციხეში დააბრუნეს.
„ჩვენგან პაციენტი გაეწერა, მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. მივეცით შესაბამისი რეკომენდაციები და შევთანხმდით, რომ შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში გააგრძელებდა რეკომენდაციების შესრულებას. […] უკვე ერთი კვირაა იკვებებოდა” – თქვა ჩხაიძემ „რუსთავი 2-თან“ საუბრისას.
გუშინ, ამაღლობელის ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ თქვა, რომ მზია ამაღლობელი ექიმების მიერ გაწერილი იყო და გადაყვანას თავად ითხოვდა, თუმცა პენიტენციურს არ გადაჰყავდა.
„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.
13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.
15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე. ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის, ასევე, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.