ჩხეიძე: ხუბუნაია მაიძულებდა მინისტრისთვის სასურველ პროექტებზე თანხის დამატებას

პუბლიკა

კინოცენტრის ყოფილი დირექტორი, გაგა ჩხეიძე კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

ის ამბობს, რომ სწორედ კობა ხუბუნიამ თეა წულუკიანის დავალებით უთხრა მას, რომ არ დაუმტკიცებდნენ კინოცენტრის  ბიუჯეტს, სანამ ბიუჯეტის გრაფაში არ ჩასვამდნენ მინისტრისთვის სასურველ ორ პროექტს თანხის დამატების მიზნით.

„ორიოდე სიტყვით მსურს, გამოვეხმაურო კულტურის მინისტრის პოლიტიკურად ანგაჟირებულ, ცინიზმით, ყალბი პათეტიკითა და სიცრუით სავსე განცხადების ერთ-ერთ საკითხს, კერძოდ, ბატონ კობა ხუბუნაიას დანიშვნას ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად.

ჯერ ზოგადად ვიტყვი: ეკონომისტების და იურისტების საწინააღმდეგო პირადად მე არაფერი მაქვს, პირიქით, მაგრამ სრულიად დაუშვებელია, რეორგანიზაციას და, მით უმეტეს, რეფორმას ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელსაც კინოს სფეროსთან არასდროს ჰქონია შეხება. ეკონომისტი, იურისტი და ფინანსისტი შეიძლება რეფორმების განმახორციელებელ ჯგუფში მოიაზრებოდნენ და არა ხელმძღვანელად.

ახლა კონკრეტულად: ბატონ კობასთან ხშირი კონტაქტი მქონდა 2022 წლის იანვარში. კულტურის მინისტრის დავალებით კობა ხუბუნაიამ გამომიცხადა, რომ მინისტრი არ დაგვიმტკიცებდა ბიუჯეტს, სანამ ბიუჯეტის გრაფაში არ ჩავსვამდი მინისტრისთვის სასურველ ორ პროექტს თანხის დამატების მიზნით (ავტორების დასახელებისგან თავს შევიკავებ). როგორც ჩანს, მინისტრი პირადად დაჰპირდა პროექტების ავტორებს თანხის დამატებას და საკუთარი მითითების შესრულება კობა ხუბუნაიას დაავალა.

ეს იყო შანტაჟი სამინისტროს მხრიდან, განხორციელებული კობა ხუბუნაიას ხელით. ბატონი კობა დამემუქრა, რომ თუ მოთხოვნა არ შესრულდებოდა, სამინისტრო ბიუჯეტს არ დაგვიმტკიცებდა და ხელფასებს ვერ გავცემდით. მე უარით ვუპასუხე, რადგან თანხის დამატებას ჭირდება კომისიის დასკვნა, კობა ხუბუნაია კი დადგენილი წესის დარღვევას მაიძულებდა. მართლაც, ბიუჯეტის არ-დამტკიცების გამო კინოცენტრის ფინანსური საქმიანობა ორი კვირის განმავლობაში იყო პარალიზებული. რა ცინიზმია, როცა მინისტრი ამის შემდეგ გვესაუბრება “ჩაწყობის” დაუშვებლობაზე“, – წერს ის.

ის ასევე ამბობს, რომ როცა დღეს კინემატოგრაფისტები კინოცენტრის დამოუკიდებლობას მოითხოვენ, ამით მოითხოვენ სამინისტროს მხრიდან ასეთი ჩარევების აღკვეთას.

მისი თქმით, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმებზე წლებია, მუშაობენ უცხოელი სპეციალისტები ქართველებთან ერთად.

„მათი უპირველესი მოთხოვნა სწორედ სსიპ-ების დამოუკიდებლობა და ავტონომიურობაა. სამინისტროსა და სსიპ-ების ურთიერთობა ხელშეკრულების საფუძველზე უნდა აიგოს. მინისტრს, რომლის მმართველობის სტილი დიქტატი და უხეში ჩარევაა, მსგავსი დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა, რა თქმა უნდა, არ მოსწონს“, – წერს ის.