ჩხენკელი: სამინისტრო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ალტერნატიულ მოდელზე მუშაობს

პუბლიკა

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის დროს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა სასკოლო სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, განიხილავენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ალტერნატიულ მოდელებს. ასევე, შეიქმნა სკოლის ლიდერის კონცეფცია და იგეგმება რესურსცენტრების მუშაობის კონცეფციის შეცვლა.

„მომავალი თაობის აღზრდაში მასწავლებელს გადამწყვეტი როლი აკისრია. სწორედ ამიტომ სამინისტრომ პროფესიული განვითარების სისტემის გადახედვის პროცესი დაიწყო. შექმნილია განათლების ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც სქემის ალტერნატიულ მოდელებზე მუშაობს და რომლის განხილვის პროცესი ყველა მოქმედი მასწავლებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

სამინისტრომ შეიმუშავა სკოლის ლიდერის კონცეფცია, რომელიც დაეფუძნება დირექტორის ახალი სტანდარტს და სერტიფიცირების პროცესს. დაწყებულია მუშაობა რესურსცენტრების ახალ კონცეფციაზე, რომლის მიხედვით, რეგიონულ დონეზე ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელმძღვანელები ხდებიან. ისინი პასუხისმგებლობას აიღებენ შინაარსობრივ და ადმინისტრაციულ პროცესებზე. სკოლების მართვის დიფერენცირებული მიდგომა გაზრდის სკოლების ავტონომიას. ეს დეცენტრლიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.“ – განაცხადა ჩხეკელმა.