ჩხიკვაძე გვარამიას საქმეზე: კითხვის ნიშანს გააჩენს, რამდენად უნდა მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

პუბლიკა

„ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის შეფასებით, ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ბევრ კითხვის ნიშანს გააჩენს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე.

მისი თქმით, როცა ასეთ დროს მსგავს გადაწყვეტილებას იღებენ, კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ საით მიდის საქართველო და რამდენად უნდა მიენიჭოს მას კანდიდატის სტატუსი.

„ეს შეიძლება გახდეს ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ბევრ კითხვის ნიშანს გააჩენს იმასთან დაკავშირებით, რამდენად უნდა მიენიჭოს ან არ მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

როგორც წესი, ასეთი გადაწყვეტილებებს თან ახლავს უამრავი კითხვის ნიშანი. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელი არ არის და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს გადაწყვეტილებები მიიღება მაშინ, როდესაც ევროკავშირმა უნდა მიიღოს საქართველოსთან მიმართებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, სამომავლო ურთიერთობებთან დაკავშირებით.

თუ ავიღებთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, იმავე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, მათთან მიმართებაში თითქმის ერთ-ერთ პირობად არის ჩადებული, რომ მედია უნდა იყოს თავისუფალი. ეს საკითხი შარშანდელი 5 ივლისის შემდეგ ყოველთვის იდგა დღის წესრიგში.

დღეს ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს ამ თემასთან დაკავშირებით. საქართველო რომ იყოს ქვეყანა, სადაც სასამართლო დამოუკიდებელია, ამ შემთხვევაში შეიძლება, ეს კითხვები იმდენი არ იყოს, რამდენიც დღეს არის, მაგრამ დღეს იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა ქვეყანაში არ არსებობს, ფაქტობრივად, ეს კითხვის ნიშნები უამრავია და კიდევ უფრო მეტი დაემატება.

მიიჩნევა, რომ ივნისში იქნება კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება მიღებული და როცა ასეთ დროს მიიღება ასეთი გადაწყვეტილება, ბევრი კითხვის ნიშანია, საით მიდის საქართველო და რამდენად უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“. – განუცხადა ვანო ჩხიკვაძემ „პუბლიკას“.

ნიკა გვარამია მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და საბოლოო სასჯელის სახედ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით.