ჩხოროწყუს სამ სკოლაში დირექტორებზე სამინისტროს გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა

პუბლიკა

განათლების სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით 927 სკოლას დირექტორობის კანდიდატი წარუდგინა. სკოლების უმეტესობაში წარდგენილია თითო კანდიდატი.

არის ისეთი სკოლებიც, სადაც მსურველები იყვნენ, მაგრამ არჩევნები არ დაინიშნა. ასეთი 350-მდე სკოლაა. მათ შორისაა ჩხოროწყუს N2, კირცხის N1 და ახუთის პირველი საჯარო სკოლა.

აღნიშნულ სკოლებში სასწავლო პროცესი პროტესტის გამო დილიდან შეფერხდა.

„პუბლიკა“ ესაუბრა სამივე სკოლის წარმომადგენელს, რომლებმაც დაგვიდასტურეს, რომ სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები აპროტესტებენ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას.

„პუბლიკა“ ესაუბრა ახუთის საჯარო სკოლის მოქმედ დირექტორს, რომელსაც ჰქონდა მოქმედი სერტიფიკატი და სკოლაში საქმიანობის გაგრძელება კიდევ ერთი წლით შეეძლო. მან მონაწილეობა მიიღო გასაუბრებაში და ელოდებოდა სკოლაში დირექტორის არჩევნებში წარდგენას.

„მე  მოვუწოდე ბავშვებსა და პედაგოგებს, რომ არ გაეპროტესტებინათ. რა გითხრათ, გაოგნებული ვარ, მასწავლებელთა დღე ასე მოგვილოცეს“, – უთხრა „პუბლიკას“ სულხან ჯიჯელავამ.

„პუბლიკა“ ასევე ესაუბრა ახუთის სკოლის მასწავლებელს, გიორგი გოგიას, ის პროტესტის ერთ-ერთი მონაწილეა.

 „ამ წუთისთვის ახუთის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება მშვიდობიან პროტესტს უცხადებს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომელიც ეხებოდა დირექტორობის კანდიდატების შერჩევას სკოლებისთვის.

აღნიშნული პროცესი წარიმართა ძალიან უსამართლოდ. დირექტორების შერჩევა მოხდა არა პროფესიონალიზმის ნიშნით, არამედ პარტიული ნიშნით. არსებული სიტუაცია კარგად ესადაგება ნიკოლოზ მაკიაველის ცნობილ გამონათქვამს, რომ ყველაფერი პოლიტიკა არ არის, მაგრამ პოლიტიკა ყველაფრით ინტერესდება. ჩვენი მოთხოვნაა სამართლიანობა.

დირექტორების შერჩევა არ უნდა იყოს პარტიული ნიშნით, არამედ პროფესიონალიზმის ნიშნით. სამინისტრო, სავარაუდოდ, დანიშნავს ვინმეს პარტიული ნიშნით, „ქართული ოცნების“ აქტივისტს. სკოლა აპარტიული უნდა იყოს და აქ პოლიტიკის ადგილი არ უნდა იყოს. კონკრეტული სკოლის მაგალითებიც არის, სადაც არიან არაპროფესიონალი დირექტორები, რომლებიც არიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები“, – განუცხადა „პუბლიკას“ გიორგი გოგიამ.

მისი თქმით, ახუთის სკოლაში ადგილზე მივიდნენ საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია ჯალაღონია და სოფლის თვითმმართველობის წარმომადგენლები.

„პუბლიკა“ ასევე ესაუბრა დიმონი არახამიას, ის კირცხის საჯარო სკოლის დირექტორია. მისი თქმით, ამ სკოლაში მესამე ვადით არჩევის შესაძლებლობა აღარ ჰქონდა, მაგრამ სხვა სკოლაში სურდა წარდგენა, თუმცა მისი ნომინირება არ მოხდა. მან „პუბლიკასთან“ გადაწყვეტილების შესაძლო მიზეზებზე ისაუბრა.

„კარგი, მე ამ სკოლაში დიდი ხანია ვმუშაობ, 2007 წლიდან ვიყავი არჩეული, 2014 წლიდან მეორედ ვიყავი არჩეული. ამ სკოლაში მე არ მქონდა  კანდიდატურის მესამედ წარდგენის უფლება, მაგრამ მქონდა სხვა სკოლა მითითებული, თუმცა წინასწარ ვიცოდი, რომ ასე გააკეთებდნენ და ჩემი წარდგენა არ მოხდებოდა არც იმ მეორე სკოლაში.

ესეც წინასწარ ვიცოდი. ვიცოდი, იმიტომ, რომ მე ვარ სამოქალაქო საგნის მასწავლებელი პირველ რიგში და მერე – დირექტორი.

მე ბავშვებს ვასწავლი იმას,რომ გამოთქვან აზრი, დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები. და მე როგორც მასწავლებელმა როგორ უნდა ვიმოქმედო ისე, რომ ჩემი აზრი არ გამოვახატო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, მაშინ რა მასწავლებელი ვიქნები მე? მასწავლებელმა პირველ რიგში მოსწავლეებს მაგალითი უნდა მისცეს. ეს არის ჩემთვის ნომერ პირველი რიგის ამოცანა და სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია. ამის გამო ხელისუფლებას არ მოვწონდი, არ ვმუშაობდი მათ სასარგებლოდ და შედეგი არის ის, რაც არის.

რაც შეეხება ბავშვების პროტესტს, მე არ ვარ მომხრე, რომ ბავშვები ამაში გაერიონ. მე მქონდა ორი გაკვეთილი პირველი და მეორე, მერე გავიგე, რომ პროტესტია, შევხვდი, დავუყვავე, მოვეფერე, ვთხოვე და ვუთხარი, რომ ჩემით არ იწყება და არ მთავრდება ეს სკოლა. ახალი დირექტორი მოვა და უკეთესად წაიყვანს სკოლას. მე დღეს ერთ-ერთი რიგითი მასწავლებელი ვარ და ბავშვები აღარ შედიან გაკვეთილზე და როგორ განვითარდება მოვლენები არ ვიცი“, – ამბობს დიმონი არახამია.

„პუბლიკა“ ესაუბრა ჩხოროწყუს მერს, დავით გოგუას და ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელს ლია ჯალაღონიას. ლია ჯალაღონია თქმით, ის ადგილზე მივიდა იმ სკოლებში, სადაც სამინისტროს გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა. მისი თქმით, პროტესტი მშვიდობიანია, ისინი წერილობით ჩამოაყალიბებენ თავიანთ კითხვებსა და პრეტენზიებს, რომლებიც გაიგზავნება საკონკურსო კომისიასთან. ჯალაღონია ამბობს, რომ ახუთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგა.