ჩხოროწყუში აქციის შემდეგ ჩვენი წევრები სცემეს - მოძრაობა "შეცვალე"

პუბლიკა

მოძრაობა “შეცვალეს” ინფორმაციით, დღეს ჩხოროწყუში გოგა გულორდავას ბიუროსთან გამართული აქციის მოძრაობის 3 წევრს ორი პირი თავს დაესხა.

” აქციის დასრულებიდან რამდენიმე საათში, მოძრაობა შეცვალეს წევრებს: ოთო შენგელიას, ირაკლი ნაჭყებიასა და ნუკრი ცქვირიშვილს თავს დაესხა ორი პირობნება. ერთ-ერთი თავდამსხმელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის ძმა – ნუკრი გოგოუა იყო, რომელზეც განგვიცხადეს, რომ დაკავებულია. მეორე თავდამსხმელი არ არის დაკავებული. თავდამსხმის ფაქტს შეესწრნენ ჩხოროწყუს პოლიციის თანამშრომლები: გია ჯალაღონია და თირნიკე შელია, რომლებმაც თვალი დახუჭეს კრიმინალზე.

მოძრაობა შეცვალე მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დროულად იქნეს გამოძიება ჩატარებული და დამნაშავეები დასჯილები!” – ნათქვამია მოძრაობის გავრცელებულ განცხადებაში.

მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა ჩხოროწყუში გოგა გულორდავას ბიუროსთან აქცია გამართეს და ჯუმბერ იზორიასა და გოგა გულორდავას საქმიანობა გააპროტესტეს.

შსს განცხადებით, ჩხოროწყუში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე ერთი პირია დაკავებული.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 1 პრიმა მუხლის გ. ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობას გულისმობს.