ჩხოროწყუში ოჯახის წევრის მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 იანვარს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მამას – 1958 წელს დაბადებულ ნ.წ.-ს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც იმავე დანით თვითდაზიანებები მიიყენა“, – აცხადებს შსს.

სამართალდამცველებმა კ.წ. ქუთაისში ერთ-ერთ კლინიკაში ბრალდებულის სახით დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.