ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმაურება.
„ეჭვი მაქვს, მეც ვიგულისხმები დასაჭერებში. გუშინ ვთქვი, ციხეზე შტურმი მოვაწყოთ-მეთქი მომაკვდავი ადამიანის საავადმყოფოში გადასაყვანად.
ჩლუნგებს ყველაფერი სახელმწიფო ხელისუფლებისა და კონსტიტუციური წესწყობილების ძალადობრივი დამხობა ჰგონიათ. იურისტი რად უნდათ, ჟუჩოკ–კამერების დამყენებლების და კრებსების მჯღაბნელების მეტი არავინ სჭირდებათ“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქზე.
საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები, განზრახ თუ გაუცნობიერებლად, პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის, ძალადობრივი გზებით.
ტელეწამყვანმა ნინო ჯანგირაშვილმა გუშინ, 2 ნოემბერს „ტვ პირველის“ ეთერში, ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ არ ღირს, რამეს შეეწიროს ადამიანის სიცოცხლე.
ჯანგირაშვილმა თქვა, რომ აღშფოთებულია ხელისუფლების დამოკიდებულებით სააკაშვილის მიმართ. მისი შეფასებით, ხელისუფლება მკვლელობის თანამონაწილედ ხდის საზოგადოებას.
ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სახელმწიფო შეთქმულების საქმეზე გამოძიებასაც გამოეხმაურა და განაცხადა:
„არის ეგეთი მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში – ადმიანის განსაცდელში მიტოვება. ჩვენ ახლა ყველა ამას ვაკეთებთ, საქართველოში ყველა მოქალაქე ამ მუხლით ვართ დასასჯელები, ვინც შტურმით არ ვიღებთ ციხეს. თუ გინდათ, დამიჭირეთ ხვალვე. გეუბნებით, გადაიყვანეთ ეს კაცი სასწრაფოდ საავადმყოფოში თორემ მე, ნინო ჯანგირაშვილი, პირველი ვიქნები, ვინც, ღიად გეუბნებით, ბიბლიოთეკაში რომ ჩაწერეთ ხალხი და ხომ აღძერით საქმე, ღიად გეუბნებით, მე ვიქნები პირველი ადამიანი, ვინც დავიწყებთ დაორგანიზებას შტურმის, რომ ჩვენ ადამიანი არ გვყავდეს განსაცდელში მიტოვებული“, – განაცხადა მან.