ჩოფანაშვილმა მითხრა, რომ ჩვენებას ხელი გაუცნობიერებლად მოაწერა | ვახა მაჩალიკაშვილი

პუბლიკა

თემირლან მაჩალიკაშვილსა და ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მსჯავრდებულ ბადურ ჩოფანაშვილს შორის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრას ადგილობრივებიც ესწრებოდნენ. ისინი განიხილავდნენ ბადურ ჩოფანაშვილის ჩვენებას. კერძოდ, აზუსტებდნენ, ისაუბრა თუ არა ჩოფანაშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობაზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩოფანაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, როგორც სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა აცხადებს, ბადურ ჩოფანაშვილმა ისე მოაწერა ჩვენებას ხელი, რომ არ იცოდა, ფურცელზე რა ეწერა. მაჩალიკაშვილის თქმით, ბადურ ჩოფანაშვილი მზადაა, ყურანზე დაიფიცოს რომ იმ საქმეში, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილს ბრალად ედებოდა, ის გარეული არ არის.

„დაიფიცა, რომ არც შეგნებულად, არც შეუგნებლად მაგ ჩვენებაზე ხელი მე… ესე იგი, ხელმოწერა ჩემი არიო, მაგრამ რომელიც არის ტექსტი ჩამოწერილი, ის პროკურატურის მიერ არის შექმნილი და შეცდენით ხელი მაქვს მოწერილიო. [თქვა] როგორც ასეთი, მე თემირლანს არ ვიცნობდი, ვახა მაჩალიკაშვილს არ ვიცნობდი, არც რამაზ მარგოშვილთან დაკავშირებით არა მქონია საუბარი და პლუს ამასვე, შემიძლია, ყველაზე მაღალი, ასე ვთქვათ, ისლამში რაც არის, ყურანით დავიფიცო, რომ მაჩალიკაშვილი შვილი და მამა ამ საქმეში გარეული არა ყოფილანო.

…გამზადებული ტექსტი შეუტანეს, ადვოკატმა დაარწმუნა, რომ აქ ისეთი არაფერი არა წერიაო. ამან, როგორც უცოდინარმა წერა-კითხვისა, ხელი მოაწერა“, – განუცხადა მაჩალიკაშვილმა „TV პირველს“.


ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მსჯავრდებულმა, პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მკვიდრმა, ბადურ ჩოფანაშვილმა პენიტენციური დაწესებულება 31 დეკემბერს დატოვა.

ბადურ ჩოფანაშვილი და მასთან ერთად 3 პირი – ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი და რამაზ მარგოშვილი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2017 წლის 26 დეკემბერს, დუისსა და ომალოში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავა. სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელიც 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სუს-ი აცხადებდა, რომ დაკავებული პირები, ისევე, როგორც თემირლან მაჩალიკაშვილი, დაკავშირებულები იყვნენ 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ ახმედ ჩატაევსა და მისი დაჯგუფების წევრებთან – ეხმარებოდნენ ტრანსპორტირებაში, საქართველოში უკანონო შემოსვლაში, უზრუნველყვეს თბილისში მისი ჩამოყვანა, დაეხმარნენ საცხოვრებლისა და იარაღის მოძიებაში.

ბადურ ჩოფანაშვილისა და ზურაბ გორნაკაშვილის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, რადგან ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობდნენ.

პროკურატურას საპროცესო შეთანხმების პირობები უკვე შეთანხმებული ჰქონდა და ორივე ბრალდებულს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და პირობითი მსჯავრი უნდა შეფარდებოდა, თუმცა საბოლოოდ, გორნაკაშვილმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი განაცხადა.

2018 წლის 7 სექტემბერს ბადურ ჩოფანაშვილის ადვოკატმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კვლავ მზად იყო საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად.

ბადურ ჩოფანაშვილი და ზურაბ გორნაკაშვილი მსჯავრდებულები არიან წინასწარი შეცნობით, ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევაში, ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემასა და რესურსებით უზრუნველყოფაში.

ზურაბ გორნაკაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ბადურ ჩოფანაშვილს, აღიარებითი ჩვენების საფუძველზე, საპროცესო შეთანხმება გაუფრომდა, რომლის საფუძველზეც ჩოფანაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, საიდანაც 3 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადა, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით 6 წლის გამოსაცდელი ვადით.