ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეეცვალა

პუბლიკა

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეეცვალა.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციოში პროკურატურამ გაასაჩივრა. შარაშიძეს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ 30 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.

პროკურატურა დავით შარაშიძეს ჯგუფურ ძალადობას ედავება. კერძოდ, გამოძიების ვერსიით,  27 იანვარს, ოზურგეთში, ერთ-ერთ რესტორანში, შარაშიძემ ორ პირთან ერთად ურთიერთშელაპარაკებისას ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადა პოლიციის თანამშრომელზე, რომელიც იმ დროისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დავით შარაშიძე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა, თუმცა 29 იანვარს ჩოხატაურის საკრებულომ ის თანამდებობიდან გადააყენა „მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე გამოძიების გამო“.