ჩოხატაურში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.

„1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, 28 სექტემბერს ბრალდებულმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლისუბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2000 წელს დაბადებულ ა.ს.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად ბრალდებული ჩოხატაურში, სოფელ გოგოლისუბანში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, – აცხადებს შსს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.