შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1971 წელს დაბადებული მ.ჯ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა განახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, შვილს – 1991 წელს დაბადებულ ი.ჯ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ი.ჯ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა“, – აცხადებს შსს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს და დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
„ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია თოფი და 12 ვაზნა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებს შსს.