„გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა გამოეხმაურა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დელეგაციის“ ხელმძღვანელის განცხადებას ჩორჩანის საგუშაგოზე. ეგორ კოჩიევის თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება ამ საგუშაგოს გახსნის, შეცდომას აღიარებს, ლოგიკური იქნება მისი მოხსნა.
ბერდია სიჭინავას განცხადებით, ფაქტია, რომ ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმსა და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს.
მან განაცხადა, რომ კოჩიევმა გუშინ გაკეთებული განცხადებით პირდაპირ დაადასტურა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პრეტენზიების არსებობა სოფელ ჩორჩანაზე, რომლის ოკუპირებასაც მცოცავი მეთოდით გეგმავდნენ 2019 წელს, „რასაც გიორგი გახარიამ საპოლიციო საგუშაგოს განთავსებით შეუშალა ხელი და მცოცავი ოკუპაცია მშვიდობიანი მეთოდებით შეაჩერა“.
„ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის – კოჩიევის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შეცდომის აღიარების ლოგიკური გაგრძელება – მისი მოხსნა იქნება, რის არგუმენტადაც მოჰყავს „ოცნების“ რეჟიმისა და მისი პროკურატურის მიერ გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და მისთვის პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდების ფაქტი.
ფაქტია, რომ ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმსა და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს.
ჩორჩანაში ქართული მიწის დაცვის საქმეზე გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნით, „ოცნება“ ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ანგრევს საერთაშორისო სამართლებრივ ფუნდამენტს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაზიანება არცერთ შემთხვევაში არ დარჩება პასუხგაუცემელი და ყველა პირი, ვინც ამ დანაშაულებრივ პროცესში არის ჩართული, აგებს ისტორიულ და სამართლებრივ პასუხს ამ ქვეყნის წინაშე“, – აცხადებს სიჭინავა.
ჩორჩანის საგუშაგოსთან დაკავშირებით ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ბრალდება წარედგინა. პროკურატურა ამბობს, რომ გახარიამ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შესახებ შესაბამისი უწყებები საქმის კურსში არ ჩააყენა.