ჩრდილოელი მეზობელი აქციეთ ყველაზე გაუფასურებულ იარლიყად და ყველაფერს დაარქვით რუსული - ბოჭორიშვილი ოპოზიციას

პუბლიკა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა რუსეთის ინტერესების გატარებაში ოპოზიცია დაადანაშაულა და განაცხადა, რომ არ არსებობს არც „რუსული კანონი“ და არც „რუსული ოცნება“, ოპოზიციამ კი ყველაფერს „რუსული“ დარქვა და „ჩრდილოელი მეზობელი გაუფასურებულ იარლიყად აქცია“.

„საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობის ხელმყოფი ჩრდილოელი მეზობელი, წესით, ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლაში რომ უნდა გვაერთიანებდეს, აქციეთ ყველაზე გაუფასურებულ იარლიყად და ყველაფერს დაარქვით რუსული.

სინამდვილეში, არც „რუსული კანონები“ არსებობს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი იღებს, არც „რუსული ხელისუფლება“, როგორც ამას ცდილობთ რომ წარმოაჩინოთ, არც „რუსული ოცნება“, რომელზეც ალბათ თქვენ ოცნებობთ და არც საკნის ნაცვლად საავადმყოფოში განთავსებული სააკაშვილი არის „პუტინის პატიმარი“. სინამდვილეში არსებობს „რუსული მიზანი“, რომელსაც ზოგი შეგნებულად, ზოგიც ალბათ გაუცნობიერებლად, ერთგულად ემსახურებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მაკა ბოჭორიშვილის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად, ამიტომ სწორედ მტრის ინტერესშია საქართველოს წარმოჩენა უკრაინის მოწინააღმდეგედ და რუსეთის მოკავშირედ.

„ამას თქვენ აკეთებთ მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი უკრაინის პოლიტიკურად მხარდასაჭერად და უკრაინელი ხალხის გვერდში დასადგომად, მიუხედავად არაერთი უსაფუძვლო ბრალდებისა და არაერთი მძიმე განცხადებისა.

ამას აკეთებთ  მაშინ, როდესაც საფრთხეებისგან საქართველოს მსგავსად დაუცველი დღეს ევროპაში არც ერთი სახელმწიფო არ არის. ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს საქართველოს ე.წ. შავ ხვრელად წარმოჩენა? თქვენ ამის გაკეთება სცადეთ! უსაფუძვლო და დამაზიანებელ ბრალდებებს უყენებთ საკუთარ სამშობლოს და ამას აკეთებთ ყველგან, სადაც კი ხელი მიგიწვდებათ“, – მიმართა ბოჭორიშვილმა ოპოზიციას.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ, ერთი წლის განმავლობაში შეუძლებელი შეძლო, რომ საქართველო არც ე.წ. შავ ხვრელად ქცეულიყო და არც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს დამუქრებოდა საფრთხე.

„ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს დღეს, ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის გამყოფად ჩადგომა? თქვენ ამის გაკეთებას ცდილობთ, მაშინ, როდესაც სწორედ ეს ხელისუფლება არის საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან სწრაფად დააახლოების ავტორიც, შემსრულებელიც და გარანტიც.

სტანდარტებთან, რაც ქმნის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების რეალურ საფუძვლებს, რომელსაც თქვენ ფორმალობას უწოდებთ და აუფასურებთ“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე ერთმანეთთან შეუთავსებელი იყო ქვეყნის ევროინტეგრაცია და სინგაპურიზაცია, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება.

„ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს დღეს ხელისუფლების ლეგიტიმაციის შერყევა, სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინება და დასუსტება, არჩევნების გაუქმება და ხელისუფლების ხელში ჩაგდების არაკონსტიტუციური გზების ძიება?! თქვენ ამას აკეთებთ დიდი მონდომებით ამ ქვეყანაში სტაბილურობის შესარყევად და მხოლოდ მტრისთვის ხელსაყრელი არეულობის შესაქმნელად.

ცრუ კამპანიები, რაც აწარმოეთ, ყველა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, უკან დაგიბრუნდათ ერთი მიზეზით, ქართველი ხალხის მოტყუება არის ძალიან რთული“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.