ჩრდილოეთ ამერიკაში ყინვისა და ქარიშხლის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

პუბლიკა

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა არქტიკული ყინვების შედეგად.

როგორც BBC  წერს, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ აშშ-ში 34 ადამიანია დაღუპული, ყველაზე მეტად ნიუ-იორკის შტატში მდებარე ქალაქი ბუფალო დაზარალდა. 4 ადამიანი კი დაიღუპა კანადაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, მას შემდეგ, რაც მოყინულ გზაზე ავტობუსი ამოტრიალდა.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ზამთრის ქარიშხლის სიმძლავრე მომდევნო დღეებში შემცირდება, მაგრამ მოქალაქეებს მაინც მოუწოდებენ, აუცილებლობის გარეშე თავი აარიდონ გადაადგილებას.

ჩრილოეთ ამერიკას ძლიერმა ციკლონმა გადაურა, ძლიერი ქარით, ყინვითა და თოვით, რომელსაც ატმოსფერული წნევის მკვეთრი დაცემა იწვევს. აშშ-ის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურა ცელსიუსით -45 გრადუსამდეც კი დაეცა.

სხვადასხვა დროს მილიონზე მეტი ამერიკელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, გაუქმდა ათასობით ფრენა, რის გამოც ბევრმა ოჯახებთან ერთად შობის აღნიშვნა ვერ შეძლო.

ათასობით ფრენა გაუქმდა, რის გამოც ბევრ ადამიანს შობის დღესასწაულზე ოჯახთან მისვლა არ შეუძლია.

ციკლონისგან გამოწვეული ზარალის აღმოფხვრას ცდილობენ კანადაშიც. კვებეკში კვირას ელექტროენერგიის გარეშე თითქმის 120 000 მომხმარებელი დარჩა. პრობლემების აღმოფხვრას, სპეციალისტების თქმით, შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს.