ჩუბინაშვილის ცენტრი გელათის ტაძრის კონსერვაციაზე კრიტიკულ დასკვნას აქვეყნებს

პუბლიკა

ჩუბინიშვილის ცენტრმა გელათის მონასტერზე დასკვნა მოამზადა. ანგარიში ცენტრმა მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართვის საპასუხოდ ჩაატარა. ანგარიშის მომზადების ეტაპზე ცენტრის ექსპერტებმა შეისწავლეს კონსერვაციის საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მიმდინარე წლის 20 იანვარს იმყოფებოდნენ გელათში.  ანგარიში 36-გვერდიანია და ცენტრის გვერდზეა განთავსებული.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ძეგლის მართვასთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემები მრავალმხრივია. ძეგლის რესტავრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი გაუმჭვირვალეა და უკიდურესად ცენტრალიზებული.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სამუშაოები ქაოტურად იგეგმება, მოხატული ტაძრების დროებითი გადახურვის საკითხი კვლავ მოუგვარებელია და მხატვრობის კონსერვაცია დაიგეგმა და შესრულდა არასწორად.

მეტიც, გელათის მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოები ეწინააღმდეგება ქართველი და უმაღლესი კვალიფიკაციის უცხოელი ექსპერტების მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს.

მოხატულობები

ჩუბინიშვილის ცენტრი თავის ანგარიშში ამბობს, რომ თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში დაქირავებული იტალიური ასოციაციის ჯოვანი სეკო სუარდოს მიერ შემოთავაზებული მოხატულობათა კონსერვაციის მეთოდოლოგია და მისი საფუძველზე წარმოებული სამუშაოები უკიდურესად ნეგატიურად არის შეფასებული და მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების აზრით, მოხატულობის მდგომარეობის მეტი დამძიმებისა და დამატებითი დაზიანების თავიდან ასაცილებლად, იტალიური ჯგუფის შემოთავაზებებისა და დასახული გეგმის დაუყოვნებლივ შეცვლა იყო საჭირო.

„ექსპერტთა მიერ პირველი რიგის ამოცანად დასახელებული იქნა მაღალი ტენიანობის პრობლემის მოგვარება და ტაძრის ინტერიერის ხანგრძლივი და თანაბარი გამოშრობა, მოხატულობის მუდმივი მონიტორინგის თანხლებით და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გადაუდებელი ჩარევების განხორციელება. სრულიად მკაფიოდ იქნა გაცემული რეკომენდაცია მოხატულობის სრული კონსერვაციის შესაძლებლობის შესახებ მხოლოდ ტაძრის სრული გამოშრობის შემდეგ.“  – ვკითხულობთ ანგარიშში.

ჩუბინაშვილის ცენტრი წერს, რომ მათ თანამშრომელთა მიერ გელათის მოხატულობის ვიზუალურმა დათვალიერებამაც ცხადყო წარმოებული სამუშაოების მეთოდოლოგიური გაუმართაობა და მათი ფუნდამენტური კორექტირების აუცილებლობა.

„საგანგებოდ უნდა გამოიყოს მოხატულობის დაზიანების აქტიური კერები დასავლეთ მკლავში – ანუ, იქ, სადაც იტალიურ-ქართული ჯგუფის მიერ რამდენიმე თვის წინ უკვე განხორციელდა სრული კონსერვაცია. დასავლეთის მკლავის კედლის მხატვრობის ამჟამინდელი მდგომარეობა კვლავ არასტაბილურია, ვინაიდან მარილების დაშლა-კრისტალიზაციის პროცესი მიმდინარეა, რასაც თან ახლავს 2020-2021 წლებში, გამაგრებულ მონაკვეთებზე აქერცვლისა და გაფხვიერების ხელახალი პროცესი და ავთენტური ნაწილების დანაკარგები.

გელათის მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის მოხატულობა შესაძლოა მეთოდოლოგიურ თვალსაჩინოებადაც კი იქცეს იმის საილუსტრაციოდ, თუ რა შედეგი მოაქვს არასწორი მეთოდოლოგიით განხორციელებულ კონსერვაციას.“ – წერია ანგარიშში.

დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია დარგის მესვეურთა მიერ უგულებელყოფილი მაღალკვალიფიციური ექსპერტების რეკომენდაციების შესრულება:

  • გელათის ტაძრების მოხატულობებისა და სტრუქტურებისთვის უსაფრთხო და გრძელვადიანი მუშაობისთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველმყოფი ერთიანი დროებითი გადახურვის მოწყობა;
  • ყველა სივრცეში გარემო პირობებისა და მოხატულობების უწყვეტი მონიტორინგი;
  • აუცილებლობის შემთხვევაში, დასაბუთებული, ანალიზს დაფუძნებული და კონკრეტული ვითარების შესაბამისი მეთოდოლოგიისა და მასალების გამოყენებით შესრულებული გადაუდებელი ფიზიკური სამუშაოები;
  •  კონსერვაციის გეგმის შემუშავება და მასზე დაყრდნობით შემდგომი სამუშაოების ეტაპობრივი განხორციელება.