ჩუგოშვილი: უცხოელ კოლეგებთან თბილისში შეხვედრა არასდროს აღქმულა კონსტიტუციის დარღვევად

პუბლიკა

პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა არგუმენტები, რომლებიც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილს უცხოეთში ვიზიტებით კონსტიტუცია არ დაურღვევია.

ერთ-ერთი არგუმენტი უცხო ქვეყნის ლიდერების საქართველოში მასპინძლობაა, რასაც მთავრობის ნებართვა არ სჭირდება.

„საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის პრეზიდენტს გერმანიის ტერიტორიაზე შეხვდება, თუ საქართველოს ტერიტორიაზე, მნიშვნელობა არ აქვს. შინაარსით ის აკეთებს ერთსა და იმავეს. პრეზიდენტს ქვეყნის შიგნით სხვა სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობების პირებთან და კოლეგებთან შეხვედრებისთვის არასდროს დასჭირვებია მთავრობის თანხმობა”, – განაცხადა მან.

ჩუგოშვილი ამბობს, რომ უცხოელ თანამდებობის პირებთან საქართველოში შეხვედრები აქამდე არასდროს აღქმულა კონსტიტუციის დარღვევად, ამიტომ მისთვის „გაუგებარია, კონსტიტუციის 52-ე მუხლის [საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები] განმარტება რატომ არის დაკავშირებული მხოლოდ პრეზიდენტის თვითმფრინავში ჩაჯდომასა და საზღვარგარეთ გასვლასთან”. 

„გაუგებარია აქცენტი გეოგრაფიაზე. წარმომადგენლობა საგარეო ურთიერთობებში ხორციელდება არა მხოლოდ ვიზიტების დროს, არამედ შეიძლება განხორციელდეს ქვეყნის შიგნით. პრეზიდენტი ახორციერლებს მთელ რიგ ურთიერთობებს, რომლებიც არ საჭიროებენ მთავრობასთან შეთანხმებას, არასდროს თანხმდებოდა და არცერთ ეტაპზე არ გამხდარა სადავო, არ გაუხდია სადავო მთავრობას. წარდინების ავტორები კონსტიტუციის დარღვევად არ მიიჩნევენ შემთხვევებს, როდესაც პრეზიდენტი ქვეყნის შიგნით ხვდება სხვა ქვეყნის მეთაურებს თუ უმაღლესი თანამდებობების პირებს”, – თქვა თამარ ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილის განცხადებით, 2023 წლის 9 აგვისტოს მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს უარი უთხრა, 27-29 სექტემბერს ბულგარეთში გაემართა ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან. თუმცა, ამავე პიროვნებასთან თბილისში შეხვედრა მთავრობას პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევად არ განუხილავს.

გარდა ამისა, თამარ ჩუგოშვილის თქმით, „კონსტიტუცია პრეზიდენტს აძლევს უფლებას, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ უცხოელ კოლეგებს ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში შეხვდეს, გამოხატოს აზრი, შეუძლია მილოცვების გაკეთება და სამძიმრის გამოცხადება მთავრობის თანხმობის გარეშე”.

მან ასევე მიუთითა კონსტიტუციის 78-ე მუხლზე [ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია]. ჩუგოშვილის თქმით, პრეზიდენტს ვერავინ აუკრძალავს, ესაუბროს უმაღლესი თანამდებობის პირებს იმაზე, რაც არის საქართველოს გაცხადებული მიზანი.

მას ამ კუთხით თავისი როლის შესრულება არათუ შეუძლია – ვალდებულიცაა”, – თქვა ჩუგოშვილმა. 

დღეს, 3 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. მას თავად სალომე ზურაბიშვილი არ ესწრება. ის ნდობას უცხადებს თავის ორ წარმომადგენელს: თამარ ჩუგოშვილს და მაია კოპალეიშვილს.

სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ” 1 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო. მმართველ პარტიას ზურაბიშვილის გადაყენება იმის გამო სურს, რომ მან ევროპაში ვიზიტები, მთავრობის უარის მიუხედავად, მაინც გამართა. სახელისუფლებო გუნდის თქმით, პრეზიდენტმა ამით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.