"ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვუპირისპირებთ სრულ სოლიდარობას და სიმშვიდეს"- ჯაფარიძე

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ენმ-ის ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს.

პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, მმართველმა პარტიამ კომფრონტაციის გზა აირჩია და ნიკა მელიას დაპატიმრება ოპოზიციის დაპატიმრების ტოლფასი გადაწყვეტილებაა.

“სამწუხაროდ “ქართულმა ოცნებამ” აირჩია კომფრონტაციის გზა. დაპირისპირების გაღრმავების გზა. ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება ეს არის ოპოზიციის დაპატიმრების ტოლფასი გადაწყვეტილება. შესაბამისად ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვუპირისპირებთ სრულ სოლიდარობას, სიმშვიდეს. ყველაზე დიდი ძალა და იარაღი ჩვენს ხელში არის სიმართლე და ზრუნვა ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის. სიმშვიდე, სრული სოლიდარობა და ზრუნვა რომ დასრულდეს ამ ქვეყანაში ასეთი ტიპის მმართველობა. მე მგონია, რომ ეს ისტორიული დღეა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობას და მიაჩნია, რომ შეუძლია დათრგუნოს თავისუფალი სული.” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.