„ჩვენ არ გვეჩქარება" - კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლამდე გადაიწიოს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის” გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ისაუბრა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება და განიხილავენ ყველა ვარიანტს იმის მიხედვით, რა იქნება მიზანშეწონილი.

„ჩვენ არ გვეჩქარება, განვიხილავთ ყველა ვარიანტს იმისდა მიხედვით, რა იქნება მიზანშეწონილი ჩვენი ქვეყნისთვის, 2024 წლისთვის მივიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას მიღება – არ მიღებასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვჩქარობთ არსად. დღეს მოქმედებს საქართველოში უკვე ახალი კონსტიტუციური წესრიგი, რომლის მიხედვითაც, პირველად ამ 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში, 2024 წელს საქართველოში გარანტირებულად ჩატარდება სრულად პროპორციული არჩევნები თავისი 5%-იანი საარჩევნო ბარიერით.

5%-იანი ბარიერი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური… მე პირადად, ყველაზე მეტად 5%-იანი ბარიერი მომწონს და უმრავლესობასაც მაშინ ყველაზე მეტად მოეწონა 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, მაგრამ ჩვენ ვთქვით და ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ თუ დავინახავთ, რომ 2024 წლისთვის უფრო დაბალი ბარიერი მოგვცემს უკეთეს პოლიტიკურ მოცემულობას, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ ამაზე ძალიან სერიოზულად.

დღეს ამაზე საუბარი რთულია, ჯერ კიდევ 3 წელია დარჩენილი თითქმის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე, აქედან გამომდინარე ჯერ კიდევ დრო არის საჭირო იმისთვის, რომ სურათი გამოიკვეთოს“, – განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვაზე – რამდენად შეიძლება, რომ საკითხის განხილვამ, მაგალითად, 2023 წლამდე გადაიწიოს, კობახიძემ აღნიშნა, რომ ყველაფერი შეიძლება.

შეფასებები ოპოზიციის მხრიდან

„უკვე მერამდენედ, ჩვენი საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები ვაწყდებით „ქართული ოცნების“ ცნობილ პოლიტიკას – „შეჰპირდი და გადააგდე“, მერამდენედ ხდება საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაპირების გაცემა, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ბეჟაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისი თქმით, როცა „ქართული ოცნება“ ხედავს, რომ საზოგადოების მხრიდან წნეხი ნაკლებია, დაპირებებს ივიწყებს და ხელისუფლების განმტკიცებას ცდილობს.

„ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვიცოდეთ და მიდგომა შევიმუშაოთ მთლიანად ოპოზიციურმა სპექტრმა „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში და რაც მთავარია, ქართულმა საზოგადოებამ. უნდა ვიცოდეთ რომ „ქართული ოცნება“ არ არის სანდო პარტნიორი და მასთან ბრძოლა მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით არის შესაძლებელია”, – განაცხადა მან.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ დეპუტატს, აქტიურად უნდა ჩავერთოთ საპარლამენტო ცხოვრებაში და ვიმუშაოთ, რომ საგაზაფხულო სესიაზე მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, – ამის შესახებ კი „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ჩვენ ხომ ყველას გვესმის, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება ნამდვილად არ უნდა „ქართულ ოცნებას“ და რატომ? რადგან ამით უფრო მრავალფეროვანი ხდება პოლიტიკური ცხოვრება, რადგან ვერ იქნება ერთპარტიული მმართველი, როგორიც დღეს არის და ასე შემდეგ”, – აღნიშნა მან.

„ბავშვები რომ ერთმანეთს „ეჭყანებიან”, ზუსტად ისე „ეჭყანება“ „ქართული ოცნება“ ოპოზიციას”, – აცხადებს „გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია.

„აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ არანაირ დისკუსიაში ამ თვალსაზრისით არ შევიდეთ და მოვემზადოთ 5-პროცენტიანი ბარიერისთვის შემდეგი არჩევნებისთვის. მნიშვნელოვანი იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, მაგრამ ამან იმდენად არასერიოზული ელფერი მიიღო, რომ გვიტყდება ამ პროცესში მონაწილეობა”, – განაცხადა ხვიჩიამ.

„კობახიძის განცხადება არის იმის დასტური, თუ რამდენად ეშინია „ქართულ ოცნებას” რიგგარეშე არჩევნების და რამდენად უფრთხის დაბალ ბარიერს”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

„ქართული ოცნებისგან“ აღარაფერი გვიკვირს, რთულია იმის მოლოდინი, რომ რაღაც გონივრულ ნაბიჯს გადადგამენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

„ერთი რამ ზუსტად ვიცი, ამ ყველაფერს თავის ფასი ექნება, ამ ყველაფრით „ოცნება“ აზარალებს საქართველოს მოსახლეობას, ამ ყველაფრის ფასს იხდიან საქართველოს მოქალაქეები. რაც შეეხება, რა იქნება და რა არა, ამას წყვეტენ მოქალაქეები, ამას არ წყვეტს „ოცნება“, წყვეტენ მხოლოდ მოქალაქეები, ამიტომ, დაველოდოთ ამ პროცესების განვითარება“, – განაცხადა დაუშვილმა.

„არაჯანსაღი დამოკიდებულება გაუჩნდათ ძალაუფლების მიმართ, ამის დემონსტრირებაა ირაკლი კობახიძის განცხადება – პანიკაში აგდებთ იმის წარმოდგენა, რომ ერთ დღეს აღარ ექნებათ ძალაუფლება”, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.

„ქართულ ოცნებას” ეშინია ნებისმიერი ფანჯრის, რომელიც მისი ძალაუფლების დასრულებას მოაახლოვებს, მაგრამ გარდაუვალია, რომ მათ მოუწევთ ძალაუფლებასთან დამშვიდობება. რაც უფრო მალე მოემზადებიან ამისთვის, მათთვისვე იქნება უკეთესი. ცხადია, როცა ოპოზიციაში გადავლენ, ჩვენ ისე არ მოვქეცევით, როგორც თავად ექცევიან ოპოზიციას, მაგრამ უნდა შეეგუონ ფსიქოლოგიურად,რომ მოუწევთ ძალაუფლების დათმობა”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.