ჩვენ არ ვაცხადებთ სანქციებს წინასწარ, ვიდრე ისინი არ დაწესდება - დეგნანი

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი მედიასთან აცხადებს, რომ ის აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიის ფორმირებაში ჩართული არ ყოფილა და ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

მისი თქმით, სანქცია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და ის შეიძლება იყოს ძალიან ეფექტიანი, როგორც, მაგალითად, მსოფლიოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს.

ელჩი ამბობს, რომ შეერთებული შტატები წინასწარ არ ახმაურებს იმ სანქციებს, რომლებიც იგეგმება. ინფორმაცია ცნობილი მხოლოდ მათი ამოქმედების შემდეგ ხდება.

„ჩვენ არ ვმონაწილეობდით უკრაინის სანქციების ფორმირებაში, ამის შესახებ ახლახან შევიტყვე და ინფორმაცია არ მაქვს. შემიძლია, ვთქვა, რომ სანქციები ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და შეიძლება, იყოს ეფექტური, როგორც ეს ვნახეთ რუსეთთან მიმართებით. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეფექტი სამომავლოდაც ექნება. ჩვენ არ ვაცხადებთ სანქციებს წინასწარ, ვიდრე ისინი არ დაწესდება და სწორედ ამის შემდეგ ხდება მისი გახმაურება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

უკრაინული პლატფორმის „Війна і санкції” ვებგვერდზე, რომელიც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს სანქცირების ჯგუფის მხარდაჭერით ხორციელდება, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა დასასანქცირებელთა სიაში მოხვდნენ.

„ომი და სანქციები“ არის პორტალი, სადაც მომხმარებელს შეუძლია, იპოვოს ადამიანი ან კომპანია, რომელიც, მათი აზრით, ყველაზე მეტად იმსახურებს სანქციებს და მოუწოდებს პასუხისმგებელ პირებს, შეიტანონ ისინი სანქცირებულთა სიაში.

სიაში ბიძინა ივანიშვილთან ერთად მისი ოჯახის წევრებიც მოხვდნენ. მათ შორისაა, ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და ძმის ცოლი, ქეთევან ხარაიძე, რომლის სახელზეც ალექსანდრე ივანიშვილს სხვადასხვა ბიზნესი აქვს გაფორმებული.

ამასთან, სიაშია ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, შვილთან, ტატე მამაცაშვილთან ერთად.