„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ხელისუფლება მოსახლეობას ყოველთვის სიმართლეს ეუბნებოდა.
ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს შეახსენეს „ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებები კანდიდატის სტატუსის შესახებ, მათ შორის, „არ მოგვცემენ სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ“, ასევე „ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები გლობალური ომის პარტიის შესახებ და ა.შ.
კობახიძემ ამ შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ ხელისუფლების მიზანი „ღირსებით ევროპისკენ“ იყო.
„ჩვენი ერთგვარი, ბუნებრივი სლოგანია „ღირსებით ევროპისკენ“ და ჩვენ ვამბობდით ყოველთვის ამას, რომ გვინდა, ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ. თუ ვინმეს სხვანაირად წარმოუდგენია ეს პროცესი, წარმოუდგენია ისე, რომ ცალ ფეხზე დაგვაყენებენ და წაგვაქცევენ, ნაცვლად იმისა, რომ საბოლოო ჯამში კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ, ევროკავშირის წევრი გავხდეთ, ეს ასე არ იქნება… თქენ გახსოვთ, ვინ ითხოვდა ცალ ფეხზე დგომას, კონკრეტული ადამიანი, რომელიც გამოხატავს კოლექტიურ ნაცმოძრაობას. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო ერთი რამ, ჩვენ მხოლოდ ღისებით გვინდა დამსახურებული წარმატების მიღწევა, ჩვენ დავდექით ორ ფეხზე და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ასე გავაგრძელებთ მომავალში ჩვენი ქვეყნის წარმატებისკენ მსვლელობას“, – განაცხადა კობახიძემ.
„არაფრისმომცემია სტატუსი, ისევ ფიქრობთ ასე?“ – ჟურნალისტის ამ შეკითხვაზე კობახიძემ თქვა:
„ჩვენ არაერთხელ ვუთხარით ხალხს სიმართლე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ჩვენ ვთქვით ასეთი რამ – უამრავი ტყუილი ვრცელდებოდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან, ისინი ხალხს ატყუებდნენ, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული იყო ფინანსური, ეკონომიკური სარგებელი და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი. არავითარი ეკონომიკური და ფინანსური სარგებელი არ უკავშირდება კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებებს, მათ შორის, კახი კალაძის განცხადებებს, ის უკავშირდებოდა საერთო სულისკვეთებას – ჩვენ გვინდა მხოლოდ ღირსებით იმ წარმატების მიღება, რომელსაც იმსახურებს ხალხი, იმსახურებს ქვეყანა და იმსახურებს ხელისუფლება“, – განაცხადა კობახიძემ.
„თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, ეს არაფრისმომცემი სტატუსი თავისთვის დაიტოვონ“, – ეს განცხადება გააკეთა „ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ერთი წლის წინ, 2022 წლის 14 დეკემბერს. ამავე დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კალაძის ეს განცხადება „აბსოლუტურად ადეკვატურია“.
იმის შესახებ, რომ სტატუსი არაფრისმომცემია, საუბარი დაიწყეს „ქართული ოცნებიდან“ წასულმა უმრავლესობის დეპუტატებმა, რომლებმაც „ხალხის ძალა“ შექმნეს.
რა ეკონომიკური გავლენა ექნება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს – კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს (პოტენციური კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში ვრცელდება შეზღუდულად) წვდომა აქვთ გაწევრიანების წინა ფინანსური ინსტრუმენტის ფონდებზე (IPA III-2021-2027), რომელიც მოიცავს 14 მილიარდ ევროს და 5 თემატურ მიმართულებას:
– ინსტიტუციური და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება (კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი);
– ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა (კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი);
– სასოფლო და სათემო დასახლებების განვითარება (მხოლოდ კანდიდატი);
– რეგიონების განვითარება (მხოლოდ კანდიდატი);
– ადამიანური რესურსების განვითარება (მხოლოდ კანდიდატი).
გაწევრიანების წინა ფინანსურ ინსტრუმენტზეა ასევე მიბმული ეკონომიკური და საინვესტიციო პროგრამა (2021-2027), რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან (EIB, KfW, EBRD, WB, IMF და ა.შ.) და კერძო სექტორიდან 30 მილიარდი ევროს მობილიზებას ( 9 მილიარდი გრანტი და 20 მილიარდი საფინანსო ინსტიტუტების ინვესტიციები) და ინვესტიციებს შემდეგი მიმართულებებით – ტრანსპორტის, კერძო სექტორის განვითარების, ადამიანური რესურსების და ა.შ.
კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს წვდომა ექნებათ ევროკავშირის ყველა პროგრამაზე ( 11 პროგრამიდან დღეს წვდომა მხოლოდ მცირე ნაწილზე გვაქვს, როგორიც არის ერაზმოს +, ჰორიზონტი 2020, კრეატიული ევროპა);
კანდიდატ ქვეყნებს შეეძლებათ კვლავ გამოიყენონ ე.წ. ევროკავშირის სამეზობლო, განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის (NDICI) ინსტრუმენტით გათვალისწინებული თემატური ფონდებიდან დაფინანსება, რომელიც 2021-2027 წლებისთვის 19 მილიარდ ევროს შეადგენს.
გარდა ამისა, ბიზნესი ელოდება, რომ გაიზრდება ევროპული ინვესტიციების, ვაჭრობის და ტურისტების წილი, რაც ეკონომიკურ განვითარებაზე პოზიტიურ გავლენას იქონიებს.