ჩვენ არაფერს ვაფუჭებთ, ამიტომ ვერ დებს ვერავინ მამხილებელ კომპრომატს - კობახიძე TI-ის და ISFED-ის ანგარიშზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ISFED-ისა და TI-ის მიერ სოსო გოგაშვილის მიწოდებულ მასალებზე შედგენილ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს მასალები 2 წლის წინ მედიაშიც გაშუქდა და არის „რაღაც გაუგებარი დოკუმენტები“.

„ზუსტად იგივე მასალები „ნაცმოძრაობის“ კუთვნილმა მედიამ დადო, თუ არ ვცდები, 2 წლის  წინ ან შარშან… ანუ, ამ კაცმა ახალი ვერაფერი შემოგვთავაზა. იგივე, რაღაც გაუგებარი დოკუმენტებია, რომლებიც არის წარმოდგენილი მისი მხრიდან, რაც იყო შარშან თუ შარშან წინ წარმოდგენილი „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიების მხრიდან.

ვერავითარ სიახლეს ვერ გვთავაზობენ და ამას აქვს ერთადერთი ახსნა: ჩვენ არაფერს ვაფუჭებთ, ეს არის ერთადერთი ახსნა, ამიტომ ვერ დებს ვერავინ ვერავითარ მამხილებელ მასალას, ვერავითარ კომპრომატს, ერთი და იგივე გაუგებარი ფურცლების ფრიალი ხდება ნაცმოძრაობის ტელევიზიების მხრიდან ხან გოგაშვილის ეგიდით, ხან ხოჯევანიშვილის ეგიდით, ხან ამის, ხან იმის… ეს არის და ეს. ასეთ დოკუმენტებს ხვალვე დაგიტრიელებთ სატელევიზიო საშუალებებით, გადავცემთ რომელიმე ტელევიზიას“, – განაცხადა მან.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“ აქვეყნებენ ანგარიშს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემულ ინფორმაციას ეყრდნობა.

ორგანიზაციები წერენ, რომ შესაძლებლობების ფარგლებში გადაამოწმეს წარმოდგენილი გარემოებები და მამხილებლის მიერ გადმაცემული დოკუმენტები, რომლებიც, ძირითადად, შეადგენდა 2018-2019 წლებში, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის მიერ შექმნილი ელექტრონული ფოსტის მისამართზე securgd@gmail.com მიღებულ და ამავე მისამართიდან გაგზავნილ კორესპონდენციას.

ორგანიზაციების ცნობით, ფაილებში იყო დოკუმენტები, რომლებიც უფრო გვიანდელ პერიოდს, კერძოდ, 2020 წელს ეხებოდა.