„კანონის წინაშე ყველა უნდა ვიყოთ პასუხისმგებლები”, – ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ბერის, გიგა ქავთარაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. მან სატელეფონო კომენტარი ტელეკომპანია „ერთსულოვნებას” მისცა.
მისი თქმით, გიგა ქავთარაძე ათონის მთაზე ბერად აღკვეციდან ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, ძალიან ცოტა ხანს იყო მათთან და შემდეგ დაბრუნდა უკან, შემდეგ კი ისევ საქართველოში ჩამოვიდა. მიტროპოლიტ გერასიმეს თქმით, ქავთარაძე ამის შემდეგ ზუგდიდში, საკუთარ სახლში ცხოვრობდა.
„ჩვენთან არ მოსულა, არც მონასტერში იყო, არც საძმოში და ზუგდიდში ცხოვრობდა საკუთარ სახლში. ჩემთვის პრესიდან გახდა ცნობილი, რომ ასეთი რამ მოხდა. ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო ადამიანის სულიერ და ფიზიკურ გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ. ბევრი კითხვა ისმის, ვის იურისდიქციაში იყო, ვის ეპარქიაში იყო და ა.შ. ჩვენ არანაირ პასუხისმგებლობას არ ვიხსნით, რადგან ის ჩემი აღკვეცილია, ჩემი სულიერი შვილია დღესაც, მაგრამ ეს იყო ძალიან მძიმე ტრავმა პირადად ჩემთვის, ეკლესიისთვის და ვფიქრობ, რომ ასეთი ფაქტები როდესაც ხდება, აუცილებლად უნდა იყოს რეაგირებაც. არა აქვს მნიშვნელობა, ჩვენ რა ხარისხში ვიმყოფებით, ვინ ვართ და რა წოდების ვართ, კანონის წინაშე ყველა უნდა ვიყოთ პასუხისმგებლები”, – ამბობს მიტროპოლიტი გერასიმე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზუგდიდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. მათგან ერთ-ერთია გიგა ქავთარაძე.
პროკურატურის ინფორმაციით, მეორე ბრალდებულ რომან მალანიას 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.
რაც შეეხება ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებას, შსს-ში ამბობენ, რომ მასზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი მისი ტიპი და ოდენობა.
ტელეკომპანია „მთავართან“ საუბრისას ბრალდებული ბერის ძმა ჰყვება: „ჭითაწყალის ტერიტორიაზე დახვდა ჩანთას. აიღო თვითონ, წამოიღო, მასთან ერთად მეორე პირიც დააკავეს. იმ პიროვნებამ აიღო ეს საკუთარ თავზე, მაგრამ გუშინ მამაო გამოცხადდა პოლიციაში და აღიარა, რომ ეს იყო თავისი… ეს ჩანთა არ ვიცი ვისთან მიჰქონდა“, – აცხადებს ბრალდებულის ძმა.