ჩვენ არანაირი გადაკვეთა არ გვქონია - გახარია სააკაშვილზე

პუბლიკა

ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია „კურიერთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ერთი ღამით იმავე სასტუმროში ცხოვრობდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი თუმცა მათ „არანაირი გადაკვეთა არ ჰქონიათ“.  გახარია ასევე უარყოფს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე კავშირს.

„დიდხანს გვეძებდით? იმ სასტუმროში ვიყავით ერთი ღამე, იქ  შევიკრიბეთ, ჩვენ სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვფრინდით. მეორე დღეს უკვე ვიყავით სხვა სასტუმროში, ჩვენ გადაკვეთა არანაირი არ გვქონია … საერთოდ ეს არასერიოზულია. ჩვენი წასვლა თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი, ლოჯისტიკურად სხვა სასტუმროში, მისვლა-მოსვლისთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი, იქ უბრალოდ ჩვენ შევიკრიბეთ. ერთი რამე გაითვალისწინეთ, ამის უკან საერთოდ არაფერი არაა და შეხვედრაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი, არ არის ეს სწორი. არაფერი დასამალი არ მაქვს, არაფერი საერთო “ნაციონალურ მოძრაობასთან” არ მაქვს და უფრო მეტსაც გეტყვით “ქართულ ოცნებას” წლების განმავლობაში ისეთი ჟინით რომ ებრძოლა “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ, როგორც დღეს ჩვენ წინააღმდეგ იბრძვის, დღეს ქვეყანაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნებოდა,” – განუცხადა „კურიერს“ გიორგი გახარიამ.

ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე დეტალურ საუბარს გიორგი გახარია თბილისში დაბრუნების შემდეგ აპირებს.

„საუბარი იყო ყველა თემაზე, როგორც წარსულთან, ასევე მომავალთან დაკავშირებით. მაგრამ ძირითადად ჩვენს პარტნიორებს აინტერესებთ ჩვენ როგორი ხედვა გვაქვს მომავლის. ადმინისტრაციაშიც გვქონდა შეხვედრები, უშიშროების საბჭოშიც. ჩამოვალ და ყველაფერს მოგიყვებით. ყველა ვინც რაიმე სახით საქართველოსთან არის დაკავშირებული ფორმალური თანამდებობის ნაწილში ან კვლევის ნაწილში, ან საქართველოს მეგობარია, ყველასთან გვქონდა შეხვედრები და ძალზედ ნაყოფიერი,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.