„ჩვენ ჩავიბარებთ პრემიერ-მინისტრის გადადგომას!“ | პარლამენტთან აქცია განახლდა

პუბლიკა

პარლამენტის წინ მედიის მიერ ორგანიზებული აქცია განახლდა.

შეკრებილ საზოგადოებას სცენიდან „ფორმულას“ ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ მიმართა.

„დღესაც ბევრნი ვართ და ყოველთვის ასე იქნება, ვიდრე არ გადადგება დამნაშავე პრემიერ-მინისტრი. ხომ ნახეთ დღეს მისი უტიფარი სახე?

მე გაგახსენებთ 2015 წელს, როდესაც 31 დეკემბერს მოგვივიდა მისი მისალოცი ბარათები ტელევიზიაში, რომელიც 10 დღით ადრე დააბეჭდინა, გამოგზავნა და ის უკვე აღარ იყო პრემიერი, როდესაც მივიღეთ ეს ბარეთები. ზუსტად ასეთი სახით ლაპარაკობდა მაშინაც და გადადგა.

მე გაგახსნებეთ მომდევნო პრემიერის განცხადებას ასევე მედგარი სახით, როგორც დღეს ღარიბაშვილი ლაპარაკობდა, რომ არსად წასვლას არ აპირებდა, მაგრამ გადადგა მეორე დღეს, 24 საათში.

მე გაგახსენებთ მესამე პრემიერს, რომელიც ამბობდა, რომ ყველას დაასრულებდა, ვინც მას არ მოსწონს, გადადგა.

მე გაგახსენებთ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც დღეს ჭირისუფალს, ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელს ნაბიჭვარი უწოდა პირდაპირ ეთერში. კობახიძე, გადაიწიე თმები, გამოაჩინე თვალები და შეხედე, რამდენი ვართ.

ეს ხალხი დაიცავს ლექსოს უფლებებს, ეს ხალხი გიპასუხებს შენ, რომელიც დაქოქილი რობოტივით ლაპარაკობ; რომელმაც დღეს შეაგინა მთელ მედიას და ამას არ გაპატიებთ.

მე გაგახსენებთ ცესკოს თავმჯდომარის, განცხადებას რომ არსად წავიდოდა. სად არის ის დღეს? არ არის თანამდებობაზე.

ზუსტად ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი წავა თანამდებობიდან და ამას გავაკეთებთ ჩვენ, ვინც ვდგავართ აქ და ვინც არის ტელეეკრანთან. უამრავი ადამიანი გვიერთდება, ჩვენ დავდებთ ამ შედეგს, ჩვენ ჩავიბარებთ პრემიერ-მინისტრის გადადგომას!“, – განაცხადა ვახო სანაიამ და ხმამაღლა წაიკითხა 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შედეგად დაშავებული 53 ჟურნალისტის, ოპერატორისა და ფოტოგრაფის სახელი.


11 ივლისს „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რისი შედეგიც რამდენიმე ხანში გახდება ცნობილი. 5 ივლისს ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია 5 პირი.