ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შუამავლები არ გვჭირდება - გახარია

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ამ დროისთვის, ბავშვების მხარდაჭერის სოციალურ პროგრამაში 600 868 ბავშვია დარეგისტრირებული. ამის შესახებ დღეს მან მთავრობის სხდომაზე განაცხდა.

მისივე თქმით, იმ პირების მიმართ, რომლებიც ბავშვების პროგრამაში დარეგისტრირების სანაცვლოდ ფინანსურ სარგებელს იღებდნენ, შესაძლოა, სამართლებრივი პრობლემა გამოიკვეთოს და ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ.

„ხანდახან სამწუხარო მოვლენებსაც ვხვდებით, ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ფინანსური და ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური სარგებელი მიიღონ, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს დაეხმარონ იმ დახმარების მიღებაში, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ეკუთვნით. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შუამავლები არ გვჭირდება და მიუხედავად იმისა, რომ აქ იკვეთება პირველ რიგში მორალური პრობლემა, თუმცა ფიზიკური პირების შემთხვევაში სამართლებრივი პრობლემაც შეიძლება იყოს, ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ. ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჯერ კიდევ ენის ბარიერი გააჩნიათ, მინდა ვუთხრა, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, სოციალური სააგენტოები, „ლიბერთი ბანკი“ და ნებისმიერი ადგილობრივი მუნიციპალური დაწესებულება, ყველანაირი ფინანსური სარგებლის გარეშე დაეხმარება მათ“, – განაცხადა პრემიერმა.

ფიზიკური პირებისა და გარკვეული პოლიტიკური პარტიების მხრიდან “ბავშვებისთვის 200-ლარიანი სახელმწიფო დახმარების პროგრამის, საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებაზე” გუშინ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც გააკეთა.

„ჩვენამდე მოვიდა ძალიან ცუდი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც მოქალაქეებს ონლაინრეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ. მინდა გავაფრთხილო თითოეული მათგანი, რომ ეს არის კრიმინალი და შესაბამისი რეაგირება მოხდება ჩვენამდე მოსულ ყველა ასეთ ფაქტზე. ეს არის უფასო მომსახურება, რომელსაც ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ მთავრობისგან“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.

„ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, ამ პროცესის პოლიტიზებას, ეს არის სახელმწიფოს მიერ ბავშვიანი ოჯახებისთვის შეთავაზებული დახმარება და ნამდვილად არ გვაქვს სურვილი, რომ ამ პროცესის პოლიტიზირება მოახდინოს ნებისმიერმა ძალამ“, – აღნიშნავს ბარკალაია.