ჩვენ ცოტა გადასახადებს ვკრეფთ და ბევრს ვხარჯავთ სოციალურ ნაწილში - კობახიძე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ წესდების მიხედვით მემარცხენე-ცენტრისტული პარტიაა, მაგრამ მისი თქმით, მათ პოლიტიკაშიც არის გარკვეული ეკლექტიკა, რადგან გადასახადების აკრეფის კუთხით მემარჯვენე იდეოლოგიას მიჰყვებიან, სოციალურ ნაწილში კი – მემარცხენეს.

კობახიძის თქმით, მას არ სურს მკაფიო საზღვრის დაწესება მემარჯვენე და მემარცხენე იდეოლოგიებს შორის, რადგან მისი აზრით, ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებშიც კი, სადაც სათავეს იღებენ ეს იდეოლოგიები, დღეს განსხვავება ბუნდოვანი და პირობითია მემარჯვენე და მემარცხენე მიმართულებებს შორის.

„რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკას, მე უფრო მეტად აქცენტს გავაკეთებ პოლიტიკაზე და არა ხისტ იდეოლოგიურ განმარტებებზე. ჩვენი პოლიტიკა არის ასეთი – გადასახადების აკრეფის ნაწილში ჩვენ ვართ უკიდურესად მემარჯვენეები, ძალიან ცოტა გადასახადები იკრიბება ჩვენს ქვეყანაში. ხარჯების ნაწილში ვართ უფრო მეტად სოციალისტურს არ დავარქმევდი, მაგრამ მკვეთრად სოციალურად ორიენტირებულები. ამიტომ ჩვენც გვაქვს პატარა ეკლექტიკა ჩვენს იდეოლოგიაში. რა თქმა უნდა, პირობითად ვამბობ ამას.

სინამდვილეში ეს არის ხომ ჩვენი პოლიტიკა – ცოტას ვიღებთ გადასახადების სახით, ბევრს ვხარჯავთ სოციალურ ნაწილში. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის აბსოლუტურად პირობითია, ამ საკითხზე ბევრი მაქვს ნამუშევარი, მათ შორის, სამეცნიერო კუთხით და ჩემთვის არის აბსოლუტურად პირობითი ხისტი ზღვრის გავლება მემარჯვენე და მემარცხენე იდეოლოგიებს შორის.

ამიტომ განსაკუთრებულ აქცენტს არ გავაკეთებდი იმაზე საუბარზე, თუ რომელ იდეოლოგიას განეკუთვნება ქართული ოცნება. წესდების მიხედვით, ჩვენ ვართ მემარცხენე-ცენტრისტული პარტია, ეს არის ჩვენი საწესდებო ჩანაწერი“, – განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.