ჩვენ დღეს ვერავინ დაგვიდებს საზღვარს! ჩვენ თავისუფალი ერი ვართ! - მაკა სულაძე

პუბლიკა

გუმათჰესთან დღეს გამართული აქციის შემდეგ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ქუთაისში გადაინაცვლეს. ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს რიონის ხეობის მცველმა, მაკა სულაძემ მიმართა:

„დედაენის დღეა დღეს, როგორც კი თვალი გავახილე დავინახე კედელი, რომელიც აღმართული იყო ჩემსა და ჩემს კერას შორის. შემახსენა ხელისუფლებამ, რომ დღეს დასაცავი გვაქვს ენა, მამული, სარწმუნოება. და აი, მიიღოს! ჩვენ ვიცავთ ჩვენს საუნჯეს. ჩვენ დღესაც ღირსეულად ვდგავართ. დავანახებთ ხელისუფლებას, როგორი ერი ვართ ჩვენ და როგორ გვიბედავს, რომ გადაგვიღობოს სავალი გზები, ჩვენი მამული და გვითხრას, რომ აქ თქვენ ასი წელი ვერ გაივლით და იდექით მშვიდად, ხმა არ გაიღოთ არაფერზე, აგრესია არ გამოხატოთ და 100 წლის შემდეგ გაგიხსნით საზღვარს და ლაღად იარეთ.

ვერ ეღირსებით, ეს საზღვარი ჩვენსა და თქვენ შორის არს საუკუნოდ და არასდროს არ მოიშლება – აქეთ ქართველი ერი და იქეთ გამყიდველი ხელისუფლება, ერის მოღალატე, მიწის გამყიდველი. არასოდეს… ისტორიაში ჩაიწერება ეს, არასოდეს არ მოიშლება. ჩვენ დღეს ვერავინ დაგვიდებს საზღვარს! ჩვენ თავისუფალი ერი ვართ! ღირსეული ერი ვართ და ვერავინ ვერ გვაკადრებს იმას, რაც დღეს გვაკადრეს. დიდება უფალს და დიდება ჩვენს საუნჯეს, ენას, მამულს და სარწმუნოებას”, – ამბობს მაკა სულაძე.


11 აპრილიდან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები გუმათჰესთან იყვნენ შეკრებილი. მოითხოვდნენ, რომ პოლიციამ მათ სოფელ ნამოხვანში გადაადგილების საშუალება მისცეს. პოლიციამ დღეს, 14 აპრილს ადგილზე რკინის ღობეც აღმართა და პროტესტის მონაწილეებს ხეობაში არ უშვებს. მათი თქმით, „უსაფრთხოების მიზნით“, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე „დროებით” იზღუდება.