ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „Post TV”-ის ეთერში ტურიზმის გახსნის პარალელურად უსაფრთხოების წესების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ ტურიზმი გაიხსნას და ისევ 12 მილიონი ვიზიტორი გვყავდეს, როგორც ეს გვყავდა შარშან. ჩვენ ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით გავხსნით ტურიზმს”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მინისტრის თქმით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ისეთ ქვეყნებთან, სადაც Covid-19-ით ინფიცირებულების რაოდენობა დაბალია.
„აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ისრაელთან, ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან. თუ ნახავთ სტატისტიკას, ნახავთ, რომ ეს ქვეყნებიც ძალიან კარგად გაუძღვნენ კორონავირუსთან ბრძოლას და დაბალი რაოდენობა ჰყავთ ინფიცირებულების. შესაბამისად, სწორედ ამ ქვეყნებთან ვმუშაობთ, რომ აქედან შემოვიყვანოთ ტურისტები, პირველ რიგში. მათი ჩამოსვლა იქნება ორგანიზებული და არა სპონტანური“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი განახლდება, ხოლო 1 ივლისიდან ქვეყანა უცხოელ ტურისტებსაც მიიღებს.