ჩვენ გარდავქმნით საქართველოს სატრანზიტო დერეფნად და ლოჯისტიკურ ჰაბად - დავითაშვილი

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული თანამშრომლობის ორგანიზაციის (CAREC) 21-ე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა პოსტპანდემიურ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე.

„საქართველო დაზარალდა პანდემიით, თუმცა, ჩვენ შევძელით სწრაფად დაგვებრუნებინა ეკონომიკა განვითარების ძველ გზაზე, შეგვექმნა ძლიერი ეკონომიკური საფუძვლები აღდგენისათვის“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მისივე თქმით, CAREC- 2030 არის ძალიან ამბიციური და ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ყველა სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროს, რომელიც ასახულია სპეციალურ ოპერაციულ კლასტერებში.

„ნება მომეცით, ხაზი გავუსვა CAREC-ის ტრანსპორტის სტრატეგიის მნიშვნელობას, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული კავშირის გაძლიერებას.  სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის მიერ დასახულ უმთავრეს პრიორიტეტებს შორისაა, რადგან ჩვენ ვაპირებთ საქართველოს გარდაქმნას სატრანზიტო დერეფნად და ლოგისტიკურ ჰაბად – რეგიონულ ცენტრად, რომელიც ბიზნესისთვის ხელმისაწვდომს გახდის სწრაფ ტრანსპორტირებასა და კომუნიკაციას ორ კონტინენტზე“ , – თქვა მან.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ასევე, რომ მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარება.

„მჯერა, რომ CAREC-ის ენერგეტიკული სტრატეგიით დასახული მიზნები 2030 წელს ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის უფრო მაღალი წილის მიღწევას და, ასევე, რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, გაზრდის წევრი ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხოებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.