„ჩვენ გვაქვს არჩევანის უფლება“ - ოზურგეთის მე-4 სკოლის მასწავლებლებმა აქცია დააანონსეს

პუბლიკა

ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლის მასწავლებლები ყოფილი დირექტორის მხარდასაჭერად გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ. აქცია დღეს, 17:00 საათზე გაიმართება. პროტესტი დირექტორთა არჩევნებზე განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას უკავშირდება. სკოლის ყოფილი დირექტორი ტარიელ კალანდაძე ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლაში დირექტორთა არჩევნებში კანდიდატად განათლების სამინისტრომ არ წარადგინა.

„დღეს, 5 საათზე, ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლასთან ვიკრიბებით ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი სკოლის , ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი… ვიკრიბებით იმისთვის, რომ ყველას გავაგებინოთ, რა უსამართლობა ხდება! ვიკრიბებით იმისთვის, რომ გითხრათ — ჩვენ გვაქვს არჩევანის უფლება! ჩვენ გვაქვს უფლება, გითხრათ სიმართლე, თუ რა გააკეთა ამ სკოლისთვის ტარიელ კალანდაძემ, რომელიც ერთპიროვნული გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს! დღეს ჩვენ გვჭირდება სიმართლე და გვჭირდება პასუხები! ამიტომ, გელოდებით ყველას, დღეს, 5 საათზე, მეოთხე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე!“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

„პუბლიკა“ ესაუბრა სკოლის ყოფილა დირექტორს ტარიელ კალანდაძეს. მისი თქმით, მას მოქმედი სერტიფიკატი აქვს და არ იცის, რატომ არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

„სერტიფიკატი მაქვს, ეს სერტიფიკატი 2016-ში თუ 2014 -ში ავიღე, როცა იყო საყოველთაო გამოცდები. ის მუდმივმოქმედია, ახლა დავრეგისტრირდი, გავიარე გასაუბრება. და მოხდა, რომ არ ვარ წარდგენილთა სიაში. არჩეული ვიყავი ერთხელ, ერთხელ დანიშნული და უფლება მქონდა არჩევნებში მონაწილეობის. ვერ გეტყვით, რატომ მოხდა ასე, ვინც მიიღო გადაწყვეტილება მას ჰკითხეთ“, – ამბობს ტარიელ კალანდაძე.

მარტში, როცა საკანონმდებლო ორგანოში რუსული კანონი განიხილებოდა ტარიელ კალანდაძემ სოციალურ ქსელში ევროპული მომავლისა და არჩევანის მხარდასაჭერი პოსტი გამოაქვეყნა. ვკითხეთ, ხომ არ უკავშირებს, ბოლო ამბებს, მის სამოქალაქო პოზიციებს.

„მე დავწერე, რომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ვერავინ და ვერაფერი გააჩერებს. ეს ფრაზა დავწერე. ამის გამო საყვედური არ მიმიღია და არ ვიცი, არა მგონია, ამას არ ვუკავშირებ“, – ამბობს ტარიელ კალანდაძემ.