ჩვენ გვაქვს სრული უფლება, რომ არ დავემორჩილოთ უკანონო მოთხოვნებს - დიღმელაშვილი

პუბლიკა

მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებული დაუმორჩილებლობის აქცია პარლმანტის წინ გრძელდება. მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, შოთა დიღმელაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 22:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა უკანონოა და აქციაზე მყოფ მოქალაქეებს სრული უფლება აქვთ, არ დაემორჩილნონ ამ შეზღუდვას.

„ჩვენი 3 აქტივისტი დაიჭირეს იმიტომ, რომ ცდილობდნენ, თქვენზე ეზრუნათ. თქვენ გაქვთ აბსოლუტური უფლება, რომ აქ იყოთ, არავინ არ მოგატყუოთ იმიტომ, რომ გამოხატვის თავისუფლებას იცავს კონსტიტუცია. პრეზიდენტმა უნდა გამოსცეს დეკრეტი და შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა იმისათვის, რომ მათ შეეძლოთ, თავისუფალი შეკრების უფლება აგიკრძალონ. ამას ვერ აკეთებენ არჩევნების გამო. შესაბამისად, ბრძანება, რომ თქვენ 22:00 საათიდან 5 საათამდე შეგეზღუდოთ გამოხატვისა და გადაადგილების თავისუფლება, არის უკანონო და ჩვენ გვაქვს სრული უფლება, არ დავემორჩილოთ უკანონო მოთხოვნებს. ხელისუფლების უზურპატორი მას შემდეგ, რაც თავზე გადაგვახია არჩევნები, ახლა ცდილობს, რომ თავზე გადაგვახიოს კონსტიუტცია“, – განაცხადა დიღმელაშვილმა.


„სირცხვილიას“ განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ 22:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილება ხალხზე ზრუნვის მოტივით აკრძალა, თუმცა ამავე ხელისუფლებამ გუშინ არაპროპორციულად, სიცივეში ცივი წყლის ჭავლით დაშალა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია.  სამოქალაქო მოძრაობა წერს, რომ შეზღუდვების დაწესების მიუხედავად, ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პროტესტი გაგრძელდება.