თბილისში მე-4 საჯარო სკოლის ყოფილი შენობის წინ, რომელიც იმავე ადგილას ახალი სკოლის აშენების მიზეზით 2 წლის წინ დაანგრიეს, მოქალაქეებმა აქცია გამართეს.
მე-4 სკოლის მოსწავლეთა მშობლები ჩივიან, რომ ახალი სკოლის მშენებლობა არ იწყება, რაც მათ შვილებს განათლების მიღებას ურთულებს. მშობლები მოითხოვენ, რომ ახალი შენობა დროულად აშენდეს.
„პანდემიის შემდეგ არის ჩვენი სკოლა დანგრეული. ხან საბუთების პრობლემა იყო, ხან რა, რომ ჰკითხოთ პასუხისმგებელ პირებს, ბიუროკრატიული საკითხების გამოა, რომ სკოლის მშენებლობა არ იწყება.
მე მეორე ცვლაში 2 სხვადასხვა დროს უნდა მივიყვანო ბავშვები სკოლაში, რაც შეუძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ თან უნდა ვიმუშაო. ამიტომ მაიძულებენ, რომ სამწუხაროდ, ყველანაირი გზა გამოვნახო ამის მოსათხოვად. დღეს, როცა ჩემს შვილს უნდა უხაროდეს სკოლაში მისვლა, ვდგავართ ქუჩაში და 21-ე საუკუნეში ვითხოვთ სკოლას.
ბოლოს გვითხრეს, რომ 2024 წლის იანვარში დავიწყებთ მშენებლობას და გაგრძელდება 21 თვეო. წარმოუდგენელია! ვუყურებთ ჩვენს ქალაქში როგორი სწრაფი ტემპით შენდება ყველაფერი და შეიძლება, რომ 21 თვე სჭირდებოდეს 900-ბავშვიანი სკოლის მშენებლობას?!“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლელა რატიანი „პუბლიკასთან“.
რატიანის თქმით, მათთან ერთად აქციაზე იმყოფებოდნენ მსგავს სიტუაციაში მყოფი სხვა სკოლების მოსწავლეთა მშობლებიც. ცოტნე დადიანის ქუჩაზე, სადაც მე-4 საჯარო სკოლა იყო, ბოლო წლებში დაანგრიეს მე-10, 113-ე და მე-11 სკოლებიც. არც ერთი მათგანის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. ლელა რატიანი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ მშობლები პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრას მოითხოვენ მშენებლობის დეტალური გეგმის გასაცნობად, მანამდე კი აქციების გაგრძელებას გეგმავენ.
„მოვითხოვთ საინიციატივო ჯგუფის შეხვედრას პასუხისმგებელ პირებთან, ვინც დეტალურად გვეტყვის რა დროში რა პროცესები იქნება. არ ვეთანხმებით კატეგორიულად, რომ ბიუროკრატიულ საკითხებს ამდენი დრო სჭირდებოდეს“, – ამბობს რატიანი.
11 სექტემბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „იმედის“ ეთერში განმარტა, თუ რატომ გაჭიანურდა სკოლების გარკვეულ ნაწილში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროცესი.
ამილახვარი ამბობს, რომ არის სკოლები, სადაც კონტრაქტორებმა ვალდებულებები სრულად ვერ შეასრულეს, აქვთ დაგვიანება და ვადაგადაცილება. მინისტრი ამბობს, რომ სამინისტრო იქნება ძალიან მკაცრი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მოთხოვნასა და საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით.
„მაგრამ, ალბათ, ახლა, როცა მშობელი და მასწავლებელი ზის, ნაკლებად აინტერესებს ეს საკითხი და მას უნდა, რომ შვილი დადიოდეს იმ სკოლაში სადაც დაიწყო და ახლა რამდენიმეწლიანი წყვეტა აქვს. ასეთია დაახლოებით 200 სკოლა, სადაც დაიწყო რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია და ეს ბავშვები გადავანაწილეთ უახლოეს სკოლებში“, – ამბობს ამილახვარი.