ჩვენ მოგვიწევს ვირუსთან თანაცხოვრება, ე.წ. კოჰაბიტაცია - ცერცვაძე

პუბლიკა

ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ჩვენ მოგვიწევს ვირუსთან თანაცხოვრება, ე.წ. კოჰაბიტაცია, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ჩვენ უნდა შევეგუოთ, რომ COVID-ის ცალკეული ან, შეიძლება, ათეული შემთხვევა იქნება ჩვენს ცხოვრებაში და ამან არ უნდა გამოიწვიოს ასეთი გადაძაბვა და იმის საფრთხე, რომ ათასეული და ათეულათასეული ადამიანი გახდება ავად, როგორც ეს მოხდა ევროპის ქვეყნებში.

აი, რომ წარმოვიდგინოთ ტუბერკულოზი. საქართველოში ყოველწლიურად ტუბერკულოზის დაახლოებით 1000-მდე შემთხვევა ფიქსირდება. ყველამ ვიცით, რომ ეს ასეა. ჩვენს სამეზობლოში, სანათესაოში ან სამეგობროში ვიღაცას რომ დაემართება ტუბერკულოზი, არ ხდება რაღაც ასეთი განსაკუთრებული განგაშის საგანი. მომავალში, როცა შევაჩერებთ ამ პანდემიას (ახლა რომ ეს გავაკეთოთ, კატეგორიულად არ შეიძლება, მაშინვე დიდი აფეთქება მოხდება), თუ მოახერხებს საქართველო, რომ პანდემია დაიძლიოს, რომ ეპიდემია წავიდეს დაღმავალი გზით, ამის შემდეგ შეიძლება, მოვიქცეთ ამ ინფექციის მიმართ დაახლოებით ისე, როგორც ვიქცევით ტუბერკულოზის მიმართ“, – განაცხადა ცერცვაძემ.