მილერი: აშშ ქართველი ხალხის მხარეს დგას

პუბლიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას.

„ჩვენ ქართველი ხალხის მხარეს ვართ.

ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ შეშფოთებულები ვართ იმ ნაბიჯებით, რომლებიც მათ [„ქართულმა ოცნებამ”] ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე გადადგეს. გზაზე, რომელზეც მიდიოდნენ და რომელსაც ქართველი ხალხი უჭერდა მხარს.

როგორც იცით სანქციებს ამ ტრიბუნიდან წინასწარ არ მიმოვიხილავთ, მაგრამ როდესაც სანქციების შესახებ განცხადებები გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ მათ ვაკეთებთ.

თქვენ უკვე ნახეთ, რომ სანქციები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ დავაწესეთ, დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები, მივიღეთ სხვა ზომები, საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარი შევაჩერეთ”, – განაცხადა მილერმა.


30 ნოემბერს აშშ-მა განაცხადა, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. 

„ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი პრინციპები, რომელიც ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებსა და ვალდებულებებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ეს მექანიზმი”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.