ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერთ პრეზიდენტის იმპიჩმენტს - გახარია

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ პარტია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.

„საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცედურა, ქართული საზოგადოებისთვის რამდენიმე რამეს ნიშნავს. პირველი, ეს გახლავთ გააზრებული ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ, ეს ნაბიჯი ფაქტობრივად საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. მეორე, ეს გახლავთ მიზანმიმართული ნაბიჯი ქვეყანაში რადიკალიზაციის, დაპირისპირების, პოლარიზაციის გაღრმავებისკენ, რაც რა თქმა უნდა, ქართულ სახელმწიფოს სტაბილურობის სერიოზულ პრობლემას უქმნის.

სწორედ ამიტომ, პარტია „საქართველოსთვის“, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს. გარდა ამისა, მინდა თხოვნით მივმართო ბევრ ღირსეულ ადამიანს, ვინც დარჩა ჯერ კიდევ „ოცნებაში“, მინდა მათ ვკითხო, როგორ ფიქრობთ, 2012 წელს გამარჯვების შემდგომ, რატომ არავის მოსვლია აზრად სააკაშვილის იმპიჩმენტის დაყენება და დღეს რატომ აყენებს ვიღაც საქართველოს იმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, რომლის არჩევაშიც თქვენც და მეც პირადად დიდი წვლილი გვაქვს მიღებული?“ – ამბობს გიორგი გახარია.

დღეს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის პოლიტიკურ საბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილი მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იმპიჩმენტის პროცედურის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, რადგან საჭიროა 100 დეპუტატის მხარდაჭერა და „რადიკალური ოპოზიციის ხმების გარეშე შეუძლებელია“, მაინც გადაწყვიტეს იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყონ.