„ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, პროკურატურას გამოძიება უნდა ჰქონდეს უკვე დაწყებული ჩანაწერებთან დაკავშირებით, მაგრამ ვიცით რომ არც პროკურატურა და არც სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არაა და შესაბამისად მოლოდინიც არ გვაქვს ამის“,- ამის შესახებ მოქალაქეების ლიდერი, ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ქართულმა ოცნებამ წინა ხელისუფლებისგან ბევრი ცუდი რომ იმემკვიდრევა ამაზე კამათი მგონი უკვე ზედმეტიცაა, ეს უკანონო მიყურადების პრაქტიკაც ისე გადაიბარა როგოც ბევრი სხვა ცუდი რამ, ამიტომ არ მიკვირს ახლა, რომ ერთმანეთს სწორედ ამ ბინძური მეთოდებით ებრძვიან. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა პირველ რიგში უნდა დადასტურდეს, რომ ეს ჩანაწერები ავთენტურია ან ფაბრიკაციაა, ეს უნდა დაადასტუროს ავტორიტეტულმა საერთშორისო ექსპერტიზამ, რაც უფრო მალე გააკეთებს ამას ხელისუფლება მით უკეთესი იქნება მათთვის, თუ არ გააკეთებენ ჩაითვლება, რომ ნამდვილია და მაშინ, ჩანაწერის ყველა ფიგურანტმა უნდა დატოვოს შესაბამისი თანამდებობები, ისინი უნდა გადადგნენ რადგან ჩანაწერები კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
და ბოლოს ჩემდა სამწუხაროდ ამ ქვეყნის უბედურება ისაა, რომ არ არსებობს მანკიერება რასაც „ქართული ოცნება“ ჩაიდენს და არ აღმოჩნდეს, რომ წინა ხელისუფლებას ჩადენილი არ ჰქონოდეს, და პირიქით“,- წერს იოსელიანი.
ტელეკომპანია „პირველმა” 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ მათთვის ანგარიშის გასწორებას, ვინც სოციალურ ქსლებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.
ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ტელეკომპანის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ 4 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, ავალებს გაუსწორნენ მის კრიტიკოსებს, მათ შორის არასრულწლოვანს.
თავის მხრივ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფო დაცვის უფროსი, ჩანაწერის მიხედვით, საუბრობენ ამ დავალებების აღსრულებაზე.