ჩვენ რომ ვიყოთ უპასუხისმგებლო პოპულისტები, ალბათ, დავიწყებდით დაფინანსებას, მაგრამ ეს არ არის სწორი - პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებისთვის სახელმწიფოს წამლის დაფინანსებაზე უარი არ უთქვამს.

„ბოლო დღეებში ასე წარმოაჩინეს საკითხი, რომ მიეცით წამალი ბავშვს. თითქოს მთავრობამ რომ წამალი მისცეს, ყველაფერი შეიცვლება. იმასაც კადრულობენ, თითქოს, მათ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, რაც ძალიან დიდი ტყუილია.

იცით, ძალიან ბევრი ჩვენ გარშემო. მეც რამდენიმე საერთო ნაცნობი მყავს, რომლის შვილიც ასეთი დაავადებით, ასეთი დიაგნოზით არის და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ვიცით მთელ მსოფლიოში, რომლებიც არიან წარმატებულნი და მათი დისკრიმინაცია არ შეიძლება საერთოდ, ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთ მოწოდებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი განმარტებით, ქვეყანა, სადაც გამოიგონეს მედიკამენტი, ჯერ არ აფინანსებს პროგრამას, რადგან ელოდებიან კვლევების დასრულებას. მისივე თქმით, საქართველო ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინებს და ჯანმო ჯერ არ ცნობს ამ წამალს და პროგრამის რეკომენდაციას არ გასცემს.

პრემიერის თქმით, ამ ყველაფრის მიუხედავად, დეზინფორმაცია გრძელდება.

„ჩვენ უარს არ გეუბნებით, ჩემო ძვირფასო მოქალაქენო. თანხაზე არ არის საუბარი. ეს შეიძლება იყოს 10 მილიონი და ეს თანხა არ არის ჩვენთვის პრინციპული და კრიტიკული, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს, თუ ამ წამლის მიცემით შეიძლება ისე გართულდეს ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, უფრო ცუდად წავიდეს მათი ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში იქნება პასუხისმგებლობა ჩვენი, ანუ სახელმწიფოსი, მთავრობის, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა, რომ მოხდეს.

ამიტომ, საჭიროა ცოტა მოცდა, დრო გვჭირდება. ერთად ვიმუშაოთ. მინდა, მივმართო მშობლებს – სამინისტრო არის მზად, ერთად გავიაროთ ეს პროცესი, ეს გზა, დაველოდოთ მათ შორის ჯანმოს საბოლოო დასკვნებს, მათ მითითებებს და ამის შემდეგ მოხდება ამ პროგრამის ამოქმედება.

200 ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში, არცერთი სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს ამ მედიკამენტით მკურნალობას და ჩვენ გვეუბნებიან, რომ 200 ქვეყნიდან საქართველო იყოს გამონაკლისი და უპასუხისმგებლოდ, პოპულისტურად ჩავერთოთ ამ პროგრამაში, რაც არის დაუშვებელი. ჩვენ რომ ვიყოთ უპასუხისმგებლო პოპულისტები, ალბათ, ამ 10 მილიონს გამოვყოფდით და დავიწყებდით დაფინანსებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი“, – განაცხადა მან.

„უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან სიყალბით და ფარისევლობით, აქაც ცდილობენ, აი, ეს უმწიკვლო, უმწეო ბავშვები დაიყენონ წინ და აწარმოონ პოლიტიკური კამპანია“, – განაცხადა დღესვე პრემიერმა.

პრემიერმა მიმართა მშობლებს, „ნუ გამოაყენებინებენ თავს და ნუ მიიღებენ მონაწილეობას პოლიტიკურ კამპანიაში, ნებსით თუ უნებლიეთ“, პოლიტიკოსები კი ნუ იყენებენ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს პარტიული ინტერესებისთვის.

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლები საპროტესტო აქციებს რამდენიმე თვეა, მართავენ. მათი მოთხოვნაა, სახელმწიფომ საქართველოში შემოიტანოს და დააფინანსოს ბავშვებისთვის აუცილებელი პრეპარატი Voxzogo, რომელიც ავტორიზებულია აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ.

მშობლების პროტესტის პასუხად მარტში შეიქმნა აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც ამ იშვიათი დაავადების სამკურნალო სტრატეგიის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.