ნანა მალაშხიამ, რომელიც საჯარო მოხელეა და საზოგადოებამ მარტის აქციებიდან ევროკავშირის დროშით ხელში გაიცნო, საჯარო მოხელეების სახელით პარლამენტარებისთვის მიმართვა მოამზადა.
მალაშხია წერს, რომ მიმართვის ტექსტი საჯარო მოხელეებისთვის ხელმოსაწერად ღიაა.
„ჩვენ, საჯარო მოხელეები, წლების მანძილზე, ჩვენი კეთილსინდისიერებითა და პროფესიონალიზმით ვემსახურებით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და სწორედ ამ დაუღალავი შრომისა და ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგად, საქართველოს 2023 წლის ბოლოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ჩვენ ამაყი ვართ, რომ წილად გვხვდა პატივი ვიყოთ ამ ისტორიული პროცესის უშუალო თანამონაწილეები.
დღეს, ჩვენი მრავალწლიანი შრომის შედეგი და ჩვენი შვილების ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირებითა და მისი მიღების მცდელობით. ჩვენმა მეგობრებმა, ქვეყნის სტრატეგიულმა პარტნიორებმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს, რომ ამ კანონპროექტის მიღება საქართველოს დემოკრატუილ განვითარებასა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს შეაჩერებს.
ჩვენ, საჯარო მოხელეები, ვემსახურებით რა ჩვენს ქვეყანას, მის შეუქცევად განვითარებასა და ჩვენი თითოეული თანამოქალაქის კეთილდღეობას, უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა, ჩვენი ისტორიული მიზნის მიღწევა – საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა.
ჩვენ, საჯარო მოხელეები, მოგიწოდებთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის გადაულახავ წინაღობად იქცა, გაწვეულ იქნეს და მოგვეცეს შესაძლებლობა გავაგრძელოთ მუშაობა კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესასრულებლად.
მუხლი 78. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია:
კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“, – წერია მიმართვაში.