„ჩვენ სამნი ერთ აზრზე ვართ და კიდევ უფრო დიდი ერთობა გვინდა" | რა ხედვაზე საუბრობენ ისინი

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ ოპოზიციური ერთობის აუცილებლობაზე და პრაიმერისის იდეაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ.

„ღამის მთავარში“ სტუმრობისას ამ პარტიების ლიდერებმა ისაუბრეს, როგორ ხედავენ ხელისუფლების შეცვლისა და ევროპული ინტეგრაციის სწრაფ გზას.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამარცხების ერთადერთი გზა არის დიდი ერთობა საქართველოს ევროპული მომავლის გარშემო.

„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, ოპოზიციამ ამომრჩეველს უნდა აჩვენოს, რომ არსებობს ხელისუფლების ალტერნატივა.

„ალტერნატივა მდგომარეობს ძალის დემონსტრირებაში, რომ ძალგვიძს, შეგვიძლია ეს ცვლილება. იმიტომ, რომ ცალკე მეც ვამხელ [ხელისუფლებას], გიორგი არ ჩერდება, ზურა არ ჩერდება, მაგრამ ეს არაა საკმარისი. ჩვენ გვინდა პოლიტიკური, ადამიანური, საინფორმაციო რესურსების გაერთიანება, ოღონდ არავითარ შემთხვევაში ხალხის მოტყუება, რომ ჩვენ გავხდით ერთი მონოლითი.

ეს გაერთიანება უნდა იდგეს მყარ გაგებაზე, მთელ ოპოზიციაში ეს მყარი გაგება არ არის, მაგალითად, იმისი, რომ თუ არ შევცვლით ამ ხელისუფლებას, არ არსებობს ამ ქვეყნის პერსპექტივა“, – ამბობს ხოშტარია.

შეკითხვაზე, რას გულისხმობს ამაში, ელენე ხოშტარიამ პარლამენტში ოპოზიციის მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საპარლამენტო საქმიანობა ხელისუფლებას ჯერ ისევ უტოვებს შანსს.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ სამი პარტია მთელი ზაფხული მუშაობდა და ამოწმებდა ერთმანეთის პოზიციებს.

„მე და ზურა და გიორგი მთელი ზაფხული ვმუშაობდით ამ პოზიციების შემოწმებაზე, ჩვენ არ გვინდა, დავდგეთ ერთად და მერე აღმოჩნდეს, რომ გიორგის მიაჩნია, რომ დეოლიგარქიზაციის კანონზე მაინც უნდა იმსჯელოს და რაღაც სისულელეები… მე დღეს ამ წუთისთვის შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს, გიორგის და ზურას შორის არის პოზიციების სრული თანხვედრა, ამ სტრატეგიული ხედვის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ეს არის ბირთვი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, დავიძრათ წინ.

რაც შეეხება ფორმებს, მე არ ვარ მომხრე, რაღაცებს სახელები ვარქვათ. ერთად უნდა შევქმნათ დღის წესრიგი, ეს არის ჩვენი ამოცანა. დღის წესრიგი იმისა, რას აფუჭებს ეს მთავრობა, გავახსენოთ, გავჭყლიტოთ იმ ტყუილებში, რომლებსაც ხალხს აკადრებენ, დავანახოთ ხალხს, დავეხმაროთ მათ, არ მოჰყვნენ მანიპულირებაში, იმიტომ, რომ რთულია…. ხალხს ვანახოთ, რომ ამ ქვეყანას აქვს პერსპექტივა…“, – განაცხადა ხოშტარიამ.

წამყვანი დაინტერესდა, ხომ არ აპირებს „სტრატეგია აღმაშენებელი“ საპარლამენტო საქმიანობის გადახედვას. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ამას სჭირდება კონკრეტული დასაბუთება და ეს უნდა იყოს დიდი პროცესის ნაწილი. მისი თქმით, მას სწორად არ მიაჩნია „ქართულ ოცნებასთან“ დაჯდომა და მუშაობა, რადგან ხელისუფლებასა და ოპოზიციას სხვადასხვა მიზანი აქვთ.

„საქართველო ისევ არის იმ რეალობაში, რომ უნდა აირჩიოს ევროპა ან რუსეთი, სხვა გზა არ არსებობს. თუ ვინმე ამბობს, რომ არსებობს, იტყუება. ჩვენი ხედვა არის, რომ სრულიად პროდასავლური, პროევროპული ფლანგი უნდა შეიკრას. ეს არის 80-85%. ჩვენ უნდა დავასრულოთ ხალხის წარმოდგენაში „ქართული ოცნების“ მხრიდან პროევროპულობის ფასადი. მათი ყველაზე დიდი ტყუილი, რაც არსებობს, არის – რომ ვითომ არიან პროევროპელები. ჩემი აზრით, არიან პრორუსები.

გულწრფელად გეტყვით, ჩვენ სამი ერთ აზრზე ვართ. ჩვენ კიდევ უფრო დიდი ერთობა გვინდა. ერთად ვაკეთებთ რაღაცებს. ის არ გვინდა, რომ ბანერთან დავდგეთ სამი და ვთქვათ, აი, მორჩა… ნაბიჯები ერთად უნდა გადავდგათ. კოორდინაცია გვაქვს, არ ვმალავთ. ჩვენ ვართ ერთად შეფასებაში და როგორ ვხედავთ გზას. გამარჯვების გზა გადის ერთობაზე“, – განაცხადა ვაშაძემ.

ელენე ხოშტარიას პოზიციით, ოპოზიციამ უნდა შეძლოს არჩევნების მოპოვება, რაც დეოლიგარქიზაციით მოხდება და შემდეგ უნდა იფიქრონ ამ არჩევნებში გამარჯვებაზე.

გიორგი ვაშაძის თქმით, ისინი ელოდებიან დიდი ოპოზიციური პარტიების, „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციების ჩამოყალიბებას.

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციური ერთობის შესაქმნელად არსებობს ორი გზა: კულუარულად შეთანხმება და გადაწყვეტილების ხალხისთვის გაცნობა  და პრაიმერისი, რომელშიც ხალხი აირჩევს, ვინ უნდა იყოს ლიდერი.

„პრაიმერისის თემასაც განვიხილავთ, დოკუმენტიც არსებობს. ამაზე ვიმსჯელეთ, კახეთში გასვლით შეხვედრაზე ვისაუბრეთ ამაზე, კიდევ უამრავ საკითხზე და რატომ ვმსჯელობთ? ეს გაერთიანება რომ იყოს გრძელვადიანი, სტაბილური და სამართლიანი, რაც მთავარია, არ იყოს კულუარები და იყოს ხალხის ხმა, ამას სჭირდება დაწერილი წესები. ამ წესზე და პუნქტზე ვმუშაობთ.

პროევროპულობის მთავარი მახასიათებელი უნდა იყოს, რომ პრაიმერისების და შიდა დემოკრატიის გზით ხალხმა გადაწყვიტოს და მე ამას უნდა დავემორჩილო და თუ არ დავემორჩილები, მაშინ წავაგებ და ეს მარცხი იქნება საქართველოს მარცხიც. ამაზეც ვმუშაობთ. ნუ დავაჩქარებთ პროცესს უფრო მეტად, ვიდრე ეს პროცესი არის მომწიფებული. ჩვენ სამი ვართ ერთ აზრზე, ვმუშაობთ, რომ პარტიები და არაპარტიული ადამიანები იყვნენ ჩართული. ბევრი მაღალკვალიფიციური პროფესიონალია“, – განაცხადა ვაშაძემ.

ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ ის გამუდმებით საუბრობს თავის იდეებზე „ლელოსთან“, „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „ევროპულ საქართველოსთან“, თუმცა საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის.

„რამე შეთანხმება რომ ყოფილიყო, საჯაროდ ვიტყოდით. ჯერ რამე კონკრეტული არ არსებობს. მაგრამ, ჩემი აზრით, არგუმენტები საწინააღმდეგო არ არსებობს. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანას ევროპა და რუსეთი აქვს არჩევანი, ვიძახით, რომ ერთადერთი გზა არის დიდი ერთობა, თუ არ არის დიდი ერთობა გზა, მაშინ უნდა ამიხსნას, რა არის გზა.

ჩვენ თუ ცალ-ცალკე ვაპიარეთ ჩვენი პარტიები და ერთმანეთს ვურტყით, ეგ არის, რასაც ახლა ვაკეთებთ. იქიდან გასაგებია, რომ ივანიშვილის ინტერესშია ჩვენი დაყოფა. გაერთიანების შეკვრის ორი გზა არსებობს:

ერთი არის კულუარული, დავსხდებით, გადავწყვეტთ, რა ტიპის გაერთიანება იქნება, გავინაწილებთ, გამოვალთ სცენაზე და ვიტყვით, რომ ივანიშვილს დედას ვუტირებთ. ჩემი აზრით, ეს არასწორი გზაა.

მეორე გზა არის პრაიმერისი – ბევრად გახსნილი და გასაგები გზა…

მე ვესაუბრე მელიას, ორი დღის წინ ვიყავი ბაკურიანში, მათ ახალგაზრდულ ბანაკში, სადაც ამ თემაზე ვილაპარაკე და იქ ნიკამ რაზეც ილაპარაკა, ტექნიკური საკითხებია დასაზუსტებელი, როგორ ტარდება ეს პრაიმერისი და ა.შ. ისე იდეის წინააღმდეგი არ ვარო, თქვა იქ“, – განაცხადა ვაშაძემ.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს, ერთობლივად აიღოს „ოცნებაზე“ მეტი ხმა, რისთვისაც ამომრჩეველს სჭირდება ალტერნატივა. სამადაშვილის თქმით, ამ ეტაპზე გაერთიანებაზე მოსაუბრე პოლიტიკოსები ამ ფორმულას საზოგადოებას ვერ სთავაზობენ. მისივე განცხადებით, დღეს „ლელოს“ ამოცანა პარტიის გაძლიერება და ამომრჩევლისთვის ალტერნატივის შეთავაზებაა.

„ოპოზიციის ამოცანაა, ერთობლივად ავიღოთ მეტი ხმა. ჩვენ „ლელო“ ასე ვხედავთ: იზრდება სწრაფად იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც აღარ უნდათ, ოცნებას მისცენ ხმა, ალტერნატივას ეძებენ, მაგრამ ვერ ხედავენ, სად შეიძლება წავიდეს ეს ხმები. ნურავის ეწყინება, მაგალითად, ენმ არასდროს იქნება ამ ხალხისთვის ალტერნატივა. ამ ხალხს სჭირდება პოლიტიკური შეთავაზება, რომელიც მორგებული უნდა იყოს საზოგადოების მოლოდინზე.

დღეს საზოგადოებას სჭირდება კონკრეტული ალტერნატივა, რომელიც დაანახებს მათ, რომ შეუძლია ამომრჩევლის დაკვეთის უკეთ შესრულება. „ლელოს“ ამოცანაა, შევთავაზოთ ხალხს ალტერნატივა. ეს არის დღეს პარტიის ამოცანა. მომავალში პირველ რიგში, ჰორიზონტზე ხვალ და ზეგ არანაირი არჩევნები არ ჩანს. ამიტომ კონკრეტულ ფორმატებზე მსჯელობას, როგორ გავდივართ არჩევნებზე, აზრი აქვს, როცა ახლოს ხარ არჩევნებთან. და კოალიცია ასე წარმომიდგენია, ხალხი გადის არჩევნებზე და მერე თავისი შედეგების მიხედვით ფორმირდება კოალიცია“, – განაცხადა სამადაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი წერეთლის განცხადებით, გაერთიანების იდეა საჭიროა, თუმცა ერთობას სჭირდება ხედვა და მოდელი, ასევე ოპოზიციურ პარტიებს შორის ნდობის აღდგენა.

მთლიანობაში იდეა, გავერთიანდეთ და წავაქციოთ ეს ხელისუფლება, არამარტო სიმპათიური, არამედ საჭიროცაა. ოღონდ  ეს როგორ ხდება, ესაა მეორე საკითხი. ამ ერთიანობას სჭირდება სერიოზული პრინციპები, ხედვა, მოდელი, ოპოზიციის შიგნით ნდობის აღდგენა. „ევროპული საქართველო“ კრიტიკული ვართ წინა მოვლენების მიმართ, ეს იქნება მიშელის შეთანხმება თუ უფრო ადრე, 2020 წელს არჩევნები, როცა ერთიანობის დემონსტრირების შანსი არსებობდა და ვერ მოხერხდა. ენმ-ს შეეძლო და ეს ნაბიჯი არ გადადგა.

ეს პროცესი არ იქნება მარტივი. როცა ვსაუბრობთ ერთიანობაზე ძალიან დიდი მიზნით,  ყველანი გაერთიანებული ვართ ხელისუფლების შეცვლის იდეით… დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა არის, რომ მოახდინოს თავისი ამომრჩევლის კონსოლიდაცია. სხვა შემთხვევაში ეს იქნება რთული ამბავი.

თუკი ყველა პოლიტიკური პარტია გადაწყვეტს და უნდა გავარკვიოთ, ვინ არის ეს ყველა, როცა კოალიციაზე იქნება საუბარი, ბევრი პარტია გამოჩნდება, რომელიც იტყვის, რომ პროდასავლურია და უნდა კოალიციაში ყოფნა.. მე რას ვამბობ, ლაპარაკს, აზრთა გაცვლას არაფერი უდგას წინ, მაგრამ ჩვენ ნათლად ვერ ვხედავთ, რა იქნება ამ გაერთიანების მთავარი პრინციპები“, – განაცხადა წერეთელმა.